ისრაელის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაიჭრა ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის შედეგად. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმია იტყობინება.
ისრაელის სამხედროთა ცნობით, ორ სხვადასხვა ადგილას სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა ისრაელის ჯარების სიახლოვეს. ერთ-ერთ ინციდენტში სამხედროებს სროლა დაუწყეს და მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ისრაელის არმიას არ გადაუკვეთია ზავის ვადებში შეთანხმებული საზღვრები, აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
პალესტინური ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი მებრძოლების რეაქცია მოჰყვა ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აშკარა დარღვევას, იტყობინება BBC. დაჯგუფება გამოვიდა მოწოდებით, ზეწოლა განხორციელდეს ისრაელზე, რათა მან საზავო შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობა შეასრულოს.
სხვა დეტალებს არ იტყობინებიან. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 24 ნოემბრიდან მოქმედებს. შესვენება უნდა გამოყენებულ იქნეს ღაზიდან ისრაელელი მძევლების გასათავისუფლებლად ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გამოშვების, ასევე პალესტინელთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სანაცვლოდ.
დროებითი ზავი თავდაპირველად ოთხი დღით შეათანხმეს. ამ ხნის განმავლობაში ისრაელში დაბრუნდა 51 ისრაელელი და 20-ზე მეტი უცხოელი.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა და მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება 27 ნოემბერს კიდევ ორი დღით გააგრძელეს ფორმულით – ყოველდღე 10 ისრაელელი მძევლის გათავისუფლება 30 პალესტინელის სანაცვლოდ.