ისრაელი დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების გაფართოებას გეგმავს

ისრაელის მთავრობამ 3400-ზე მეტი ახალი საცხოვრებლის გეგმა შეიმუშავა, რომელთა აგებას ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს დასახლებებში აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
სახლების 70% იერუსალიმის აღმოსავლეთით აშენდება მაალე-ადუმიმში, დანარჩენი კი ბეთლემის სამხრეთით, ევფრატსა და კედარში.
ს მთავრობაში ამბობენ, რომ ეს ორი კვირის წინ მაალე-ადუმიმზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხია.
ისრაელმა, მას შემდეგ, რაც 1967 წლის ომში დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპირება მოახდინა, დაახლოებით 160 დასახლება შექმნა, სადაც 700 000-მდე ებრაელი ცხოვრობს. ეს ის მიწაა, რომელსაც პალესტინელები თავისი მომავალი სახელმწიფოს ნაწილად მოიაზრებენ.
BBC-ის თანახმად, საერთაშორისო საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ისრაელის მიერ ამ დასახლებების შექმნას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებს, რასაც, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება ისრაელი.
ისრაელის გაზეთი Haaretz წერს, რომ სამოქალაქო ადმინისტრირების უმაღლესი დაგეგმარების კომიტეტმა (ორგანო, რომელიც ისრაელის მთავრობის პოლიტიკას აღასრულებს დასავლეთ სანაპიროზე), საცხოვრებლების გეგმა ოთხშაბათს წარმოადგინა.
ფინანსთა მინისტრი ბეზალელ სმოტრიჩმა, რომელიც ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსია და სამოქალაქო ადმინისტრირებას ზედამხედველობს, აღნიშნა, რომ გასული წლის მანძილზე სულ 18 515 სახლის გეგმა დამტკიცდა.
“მტრები ცდილობენ, რომ ზიანი მოგვაყენონ და დაგვასუსტონ, მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ შენებას ამ მიწაზე”, – დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ზე.
“ნაცვლად იმისა, რომ იზრუნოს ისეთი მომავლის შენებაზე, რომელიც იმედზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე იდგება, ისრაელის მთავრობა ჩვენს გასანადგურებლად თხრის საძირკველს”, – ასეთი შეფასება გააკეთა ისრაელის ყველაზე დიდმა და ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე სამშვიდობო მოძრაობამ Peace Now.
მოძრაობაში ამბობენ, რომ ახალი საცხოვრებლების ეს პროექტები ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის გადაჭრის შესაძლებლობაზე უარყოფითად იმოქმედებს.
პალესტინის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც დასავლეთ სანაპიროდანაა, დაგმო ისრაელის გეგმებიცა და სმოტრიჩის გამონათქვამებიც.
“ეს არის ჩანასახიდანვე უკანონო გეგმა და პირდაპირი ნიშანი, რომ ისრაელი არ წყვეტს ძალადობისა და ომის სპირალს”, – განაცხადა პალესტინელმა მინისტრმა.
-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკმაყოფილება გამოხატა ისრაელის გეგმებთან მიმართებით და მრავალთა გაკვირვებაც გამოიწვია, როცა აღნიშნა, რომ აშშ ისრაელის ამ დასახლებებს უკანონოდ მიიჩნევს.
“აშშ-ის პოლიტიკა, რესპუბლიკელთა და დემოკრატთა ადმინისტრაციების პირობებში, დიდი ხანია უცვლელია და ახალ დასახლებებს კონტრპროდუქტიულად აფასებს მშვიდობის დამყარების თვალსაზრისით”, – უთხრა ბლინკენმა ჟურნალისტებს არგენტინაში და დაამატა, რომ “დასახლებები არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ასუსტებს ისრაელის უსაფრთხოებას.”
გაეროს განცხადებით, ოქტომბრიდან მოყოლებული, მიმდინარე კონფლიქტის გამო გაღვივებული ინციდენტებისას, სულ მცირე, 413 პალესტინელი მოკლეს დასავლეთ სანაპიროზე. მათ შორის, როგორც შეიარაღებული, ისე სამოქალაქო პირები. ისრაელელთა შორის დასავლეთ სანაპიროზე 15 დაღუპულია ამავე პერიოდში.
7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ თავდასხმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განურჩეველი მკვლელობის შემდეგ, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა, ღაზის მიმართულებით გატაცებულად მიიჩნევა 132 ადამიანი. ისრაელი დღემდე აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას, რასაც ასევე ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.
გაერო სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას კატასტროფულად მიიჩნევს. ასეთივე შეფასებები აქვთ ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარულ და უფლებადაცვით ორგანიზაციებს. ჰამასის კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზაში 28 ათასამდე ადამიანია დაღუპული, მათგან 12 ათასზე მეტი ბავშვია. ღაზაში ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ საკვებსა და ჯანდაცვის ელემენტარულ სერვისებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება