პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის მიერ „წითელი ჯვრის“ მეშვეობით ისრაელისთვის გადაცემულ, ოთხი მძევლის გვამებს შორის არ არის შირინ ბიბასი, როგორც ამას ჰამასი ირწმუნებოდა. ამის შესახებ ისრაელის არიის სარდლობამ 20 თებერვალს, გვიან ღამით განაცხადა.
დღეს, 21 თებერვალს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰამასის ამ ქმედებას „წარმოუდგენელი ცინიზმი“ უწოდა და განაცხადა, რომ ისრაელი მტკიცედ იმოქმედებს შირინ ბიბასის და სხვა გარდაცვლილი თუ ცოცხალი მძევლების დასაბრუნებლად და ყველაფერს გააკეთებს, რათა ჰამასმა პასუხი აგოს.
ჰამასმა ისრაელს 20 თებერვალს გადასცა ოთხი მძევლის გვამები, რომელთა შორის უნდა ყოფილიყვნენ ძმები არიელ და კფირ ბიბასები, მათი დედა შირინი და 83 წლის ოდედ ლიფშიცი.
იდენტიფიცირების შედეგად ქალში შირინ ბიბასი ვერ ამოიცნეს, რის შემდეგაც ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ გვამი არ არის არც ბავშვების დედის და არც რომელიმე სხვა მძევლის.
ისრაელის განცხადებითვე, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კფირ ბიბასი, რომელიც გატაცების დროს 9 თვის იყო და მისი 4 წლის ძმა არიელი „მხეცურად“ მოკლეს ტყვეობაში და არ დაღუპულან ისრაელის ავიადარტყმის შედეგად, როგორც ამას ჰამასი ამტკიცებდა.
აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2025 წლის 19 იანვრიდან ამოქმედდა. რამდენიმეეტაპიანი შეთანხმება ითვალისწინებს ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.
· ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
· პალესტინური მხარის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზის სექტორში დაღუპულია 47 000-მდე ადამიანი. მილიონზე მეტი დევნილად იქცა. საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო სამოქალაქო მოსახლეობა ჰუმანიტარულ კატასტროფაში აღმოჩნდა. გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში დანგრეული ან დაზიანებულია სახლების 92%.
