51-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა სამხრეთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ობიექტთან ცეცხლი გახსნეს, აცხადებენ თვითმხილველები და მაშველები.
ისრაელის სამხედროებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ამოწმებენ ცნობებს.
ეს შესაძლოა იყოს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ობიექტთან მომხდარი ყველაზე სისხლიანი ინცინდენტი. ბოლო დღეებში ღაზაში მსხვერპლის უდიდესი ნაწილი დაკავშირებულია ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასთან და არა ისრაელის მიერ ჰამასის სამიზნეებზე დარტყმებთან.
თვითმხილველების თქმით, ისრაელის ძალებმა ცეცხლი გახსნეს და დაბომბეს ხან-იუნისის აღმოსავლეთით მდებარე გზაჯვარედინთან ახლოს მდებარე ტერიტორია, სადაც ათასობით პალესტინელი იკრიბებოდა იმ იმედით, რომ ფქვილის მიღებას შეძლებდა მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) ობიექტიდან.
ნასერის საავადმყოფო, რეგიონში მოქმედი მთავარი სამედიცინო დაწესებულება, სავსეა დაშავებულებით – იუწყება BBC. ის იმდენად გადატვირთულია, რომ მრავალი დაჭრილი იატაკზე წევს.
ცნობების გადამოწმება რთულია, რადგან ისრაელი საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაციებს ღაზაში შესვლის უფლებას არ აძლევს.
