ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე ხუთი საგუშაგო კანონიერად ცნო. უსაფრთხოების კაბინეტის ამ გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბაცალელ სმოტრიჩმა გაავრცელა.
ასევე, უსაფრთხოების კაბინეტმა პალესტინის მთავრობის წევრები დაასანქცირა. პალესტინის ოფიციალურ პირებს ჩამოერთმევათ ვიზები და შეიზღუდება მათი გადაადგილება ისრაელის ტერიტორიაზე.
სმოტრიჩის თქმით, გადაწყვეტილება პალესტინელი ოფიციალური პირების და ბანკების შეზღუდვის შესახებ იმის გამო მიიღეს, რომ პალესტინური მხარე ეწეოდა ისრაელის ძირგამომთხრელ საქმიანობას საერთაშორისო სასამართლოებში და სხვადასხვა ორგანიზაციებში.
ხუთი საგუშაგო, რომელიც უსაფრთხოების კაბინეტის გადაწყვეტილებით კანონიერი გახდა, დასავლეთ სანაპიროზე ევიათარში, ეფრაიმში და გივათ ასაფში მდებარეობს.
ამ გადაწყვეტილებებს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელი მოსახლეების დადებითი შეფასებები მოჰყვა. ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისს აღნიშნულის შესახებ კომენტარი არ გაუვრცელებია.
ამას გარდა, კაბინეტის გადაწყვეტილებით, თანდათან გამოცხადდება ტენდერები დასავლეთ სანაპიროზე ათასობით ახალი სახლის აშენების შესახებ.