ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, მარნეულში, 7 ოქტომბრის მსხვერპლის, ეფრატ კაცის ხსოვნის პატივსაცემად, საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა

მარნეულში, ს საელჩომ ახალი კომპიუტერული კლასი გახსნა, სადაც ისწავლიან ადგილობრივი სტუდენტები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობები და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.
მათი ცნობით, სივრცე Mashav-ის გამორჩეული ექსპერტის ეფრატ კაცის ხსოვნას ეძღვნება, რომლის სიცოცხლეც 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტას შეეწირა.
„ეფრატი სტუმრობდა საქართველოს და მუშაობდა აქ თავის პარტნიორთან, გადი მოზესთან ერთად, რომელმაც თავისი პროფესიული ცხოვრების დიდი ნაწილი დაუთმო ქართველი ფერმერებისთვის მოწინავე სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის სწავლებას. გადი სულ ახლახან გაათავისუფლეს ხანგრძლივი ტყვეობიდან.
ეფრატის საგანმანათლებლო პროექტი, კოლეჯ მოდუსში, მისი მემკვიდრეობის გაგრძელებაა, რაც გამოიხატებოდა მის მუდმივ სწრაფვაში გაემდიდრებინა და გაეზიარებინა საკუთარი ცოდნა. პროექტის ფარგლებში 120 სტუდენტი, მათ შორის ეთნიკური უმცირესობები და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები, გაივლიან სპეციალურ უფასო კურსებს, რაც მათ გზას გაუხსნის უკეთესი მომავლისკენ.
ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვანი პროექტის წარდგენაში, რომელიც მხარდაჭერილია ისრაელის საელჩოსა და Mashav-ის პროგრამის მიერ. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ადასტურებს მტკიცე და ხანგრძლივ მეგობრობას ისრაელსა და საქართველოს შორის და განათლების განვითარებისადმი ჩვენს ერთობლივ სწრაფვასა და ერთგულებას.
კურთხეული იყოს ეფრატის ხსოვნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.