ისრაელის ოპოზიციის ლიდერი „ჰამასთან“ ომის სხვა რეგიონებზე გაფართოების საშიშროებაზე ლაპარაკობს

ისრაელის პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ „რამდენიმე ძალას“ სურს „რამდენიმეფრონტიან ომში“ ისრაელის ჩათრევა.
ბერლინში, ფრიდრიხ ნოიმანის ფონდში გამოსვლისას ლაპიდმა განაცხადა, რომ ისრაელის საზოგადოების „სენსიბილიზებული“ ნაწილები აშშ-სა და ევროპის ქვეყნებთან ერთად ცდილობენ ამის თავიდან აცილებას. მისი თქმით, განსაკუთრებით გერმანია თამაშობს ამაში „მნიშვნელოვან“ როლს. მაგრამ ლაპიდის აზრით, კონფლიქტი „ყოველ წამს შეიძლება აფეთქდეს“.
გერმანიის რადიოსადგურ Deutschlandfunk-ის ცნობით, ლაპიდმა განმარტა, რომ ლიბანიდან პროირანული „ჰეზბოლის“ ყოველდღიური ცეცხლის გარდა, „მასობრივი დაძაბულობაა” იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, რასაც აღვივებენ როგორც (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეული) „ჰამასი,“ ისე ექსტრემისტი ებრაელები.
ლაპიდის თქმით, „ჰამასს“ „ძალიან სურს, რომ იორდანეს დასავლეთი ნაპირი კონფლიქტში ჩაითრიოს“.
ლაპიდი ახალი ლიბერალურ-ცენტრისტული პარტიის, „იეშ ატიდის” ( יש עתיד, მომავალი არსებობს) დამაარსებელი, ისრაელის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრია. ის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს შექმნით მოგვარების მომხრეა.