ისრაელის იერიშებს 15 პალესტინელი ემსხვერპლა, ეგვიპტე ჰამასთან მართავს მოლაპარაკებებს

ისრაელი განაგრძობს ღაზის სექტორის დაბომბვას. მედიკოსთა ინფორმაციით, ს ჯარების იერიშების შედეგად დაიღუპა 15 პალესტინელი.
სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ნუსეირათის ბანაკზე 1 დეკემბერს განხორციელებული საჰაერო იერიშისას დაიღუპა ერთ სახლში მყოფი ექვსი ადამიანი. სამი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ღაზაში, მას შემდეგ, რაც მათი ბინა დაიბომბა, იტყობინებიან მედიკოსები.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ მოკლა რადიკალური პალესტინური დაჯგუფება ჰამასის ასობით წევრი (ჰამასი შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული). ისრაელის თანახმად, ის ცდილობს, ჰამასს არ მისცეს გადაჯგუფების საშუალება ომში, რომელიც თითქმის 14 თვე გრძელდება.
ამასობაში ჰამასის ლიდერებმა კაიროში მოლაპარაკებები გამართეს ეგვიპტის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებთან. მოლაპარაკებები ტარდება გზების გამოსანახად, რათა ისრაელთან მიღწეულ იქნეს გარიგება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ჰამასის ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას დაპატიმრებული პალესტინელების ციხეებიდან გამოშვების სანაცვლოდ.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან, როცა ისრაელმა ჰამასს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და 250-მდე მძევლის აყვანის გამო ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
პალესტინური მხარის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულია 44 ათასზე მეტი ადამიანი.
სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ივლისში თეირანში მოკლეს ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე, ხოლო სექტემბერში ბეირუთში – ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა.