ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის შიფას საავადმყოფოში ოპერაციას აგრძელებს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ოპერაციის ფარგლებში ჯარისკაცების მიერ დაკავებული 800 ეჭვმიტანილიდან 480 „ჰამასის“ ან პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ წევრი აღმოჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ოპერაციის დროს, რომელიც თითქმის ერთი კვირაა მიმდინარეობს, ისრაელელმა სამხედროებმა ტერორისტული ჯგუფების კუთვნილი ინფრასტრუქტურა და იარაღის საწყობები აღმოაჩინეს.
ამასთან, ისრაელის საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა გასული დღის განმავლობაში დაარტყეს 65 სამიზნეს ჩრდილოეთ და ცენტრალურ ღაზაში. სამიზნეები მოიცავდა გვირაბს, შენობებს, რომლებსაც „ჰამასი“ იყენებდა და სხვა ინფრასტრუქტურას.
ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში, „ნაჰალის“ ბრიგადის ჯარებმა ბოლო დღის განმავლობაში „ჰამასის“ რამდენიმე შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს. მათ ასევე დაარბიეს დრონების მწარმოებელი ლაბორატორია, სადაც რამდენიმე შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს.
ისრაელელმა ჯარისკაცებმა სამხრეთ ღაზაში „ჰამასის“ ინფრასტრუქტურას დაარტყეს და რამდენიმე შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს.