ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზის სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ბრძოლა გრძელდება

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორის ალ-შიფას საავადმყოფოში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება.
ამასთან,ს თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდასხმები განახორციელეს ღაზას ქალაქ რიმალაში რამდენიმე შენობაზე, რომელსაც „ჰამასი“ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გასაშვებად იყენებდა.
თავდასხმის დროს „ჰამასის“ სულ მცირე ერთი წევრი დაიღუპა.
ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის „ნაჰალის“ ბრიგადამ, გასული დღის განმავლობაში, სულ მცირე 15 შეიარაღებული ადამიანის ლიკვიდაცია განახორციელა, მათ შორის სნაიპერული ცეცხლით და საჰაერო თავდასხმებით.
ბრძოლები ასევე გრძელდება ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში. ისრაელიის თავდაცვის ძალების ცნობით, ხან იუნისში რამდენიმე შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს და ტერორისტული ჯგუფების კუთვნილი ადგილები გაანადგურეს. ამასთან, ხან იუნისის ალ-ამალის რაიონში, ისრაელის ჯარებმა, გასული დღის განმავლობაში, „ჰამასის“ კიდევ რამდენიმე წევრის ლიკვიდაცია განახორციელეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღის განმავლობაში, შეიარაღებულმა ძალებმა ასევე დაარტყა დაახლოებით 80 სამიზნეს ღაზას სექტორში, მათ შორის შენობებსა და ინფრასტრუქტურას, რომლებსაც ტერორისტული ჯგუფები იყენებდნენ.