“ლოპოტა სპა რეზორტის” კომერციული დირექტორის მაკა ღლიღვაშვილის განცხადებით, ისრაელის ბაზრიდან ტურისტების შემოდინება დაახლოებით 150%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს ისრაელში სამხედრო კონფლიქტის გამო ტურისტული ნაკადები ორკვირიან პერიოდში გარკვეულწილად შეფერხდა, ზოგიერთმა უკვე ჩამოსულმა ტურისტმა საქართველოში დარჩენის ვადა გაახანგრძლივა, რაც ნაწილობრივ შეფერხებული ნაკადების მაკომპენსირებელი იყო.
„განსაკუთრებით გაზრდილია ისრაელის ბაზარი. ისრაელის ბაზარზე ჩვენ პიარ-მარკეტინგულ კამპანიებს ბოლო 3-4 წელია აქტიურად ვაწარმოებთ. დაწყებული პრესმოგზაურობით, დამთავრებული “მეტათი”. რეალურად, საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩავდეთ ამ ბაზარში, რომ მოგვეზიდა. ამრიგად, შედარება რომ გავაკეთოთ, წელს, პირველ ორ კვარტალში თუ ისრაელიდან 35%-ით გაიზარდა ტურისტული შემოდინება, ჩვენთან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 150%-ია.
კონფლიქტი ორი კვირა გაგრძელდა და მხოლოდ ეს პერიოდი იყო შეფერხება. სხვათა შორის, ვინც ჩამოსული იყო, უფრო დიდხანს დარჩნენ. შესაბამისად, გაუქმებული ჯავშნები დაბალანსდა კიდევაც“, – ამბობს ის.
ღლიღვაშვილის შეფასებით, ისრაელელი ტურისტების 50% მაღალ მხარჯველუნარიანია. ამასთან, საგულისხმოა, რომ ისინი ნაადრევი და გრძელვადიანი ჯავშნებით გამოირჩევიან. თუმცა, ის დასძენს, რომ არის შემთხვევები, როდესაც თბილისში ჩამოსული ისრაელელი ტურისტი სპონტანურად ჯავშნის სასტუმროს.
