ისრაელის არმიის ჯარისკაცები დაიღუპნენ დრონებით თავდასხმის შედეგად

ისრაელის თავდაცვის ძალების სულ მცირე 4 ჯარისკაცი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილოეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის შედეგად.
ს მედიასაშუალებები არმიის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ კიდევ 7 ჯარისკაცი მძიმედ დაჭრილია, 14-ის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, დრონი ბაზის სასადილოს მოხვდა.
სამხედრო ბაზა მდებარეობს დასახლება ბინიამინთან, რომელზეც უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა 13 ოქტომბერს, საღამოს განხორციელდა. პირველ ცნობებში, რომელთა თანახმად, ამ დასახლებაში 60-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა, სამხედროების შესახებ ნათქვამი არაფერი იყო.
დრონებით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ლიბანურმა რადიკალურმა დაჯგუფება ჰეზბოლამ, რომელიც ისრაელის გარდა ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული -ს. ევროკავშირი ასეთად აღიარებს მხოლოდ ორგანიზაციის სამხედრო ფრთას. ჰეზბოლა წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს.
გამოცემა Times of Israel-ი წინასწარი გამოძიების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰეზბოლამ ხმელთაშუა ზღვის მხრიდან გაუშვა ორი დრონი, რომელთაგან ერთი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ქალაქ ხაიფის მახლობლად ჩამოაგდო, მეორე კი რადარებიდან გაქრა სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ხმელეთთან ახლოს მოძრაობდა. ისრაელის არმიის წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ გვიან ღამით განაცხადა, რომ ინციდენტის გარემოებებს იკვლევენ.
თავის მხრივ, ჰეზბოლა ისრაელს ახალი შეტევებით დაემუქრა, თუ ის ლიბანში სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ ინტენსიური საჰაერო ოპერაცია 2024 წლის სექტემბრის ბოლოდან დაიწყეს, ოქტომბრიდან კი ლიბანის სამხრეთში სახმელეთო შეტევაზეც გადავიდნენ. ისრაელი აცხადებს, რომ ამ ოპერაციის მიზანია ჰეზბოლას თავდასხმებისგან ქვეყნის ჩრდილოეთის დაცვა.
ლიბანის მთავრობის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაღუპულია 1500-ზე მეტი ადამიანი, დაახლოებით მილიონი კი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. გაეროს წარმომადგენლები ისრაელს ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში ადანაშაულებენ. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ებრძვის მხოლოდ ჰეზბოლას ტერორისტებს და არა ლიბანელ ხალხს.
ჰეზბოლას მხარდამჭერია ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელმაც 1 ოქტომბერს ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა და პასუხის შემთხვევაში, უფრო მასშტაბური დარტყმით დაემუქრა.
· ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა ჰამასს თავის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის გამო ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
· ისრაელის წინააღმდეგ ლიბანიდან სარაკეტო შეტევებით გააქტიურდა ჰამასის მოკავშირე ჰეზბოლა.
· სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის ივლისში თეირანში მოკლეს ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე, ხოლო სექტემბერში ბეირუთში – ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა.