ისრაელის არმია დევნილთა ბანაკის დაბომბვაში დაადანაშაულეს

ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისის რაიონ ალ-მავასიზე, სადაც დევნილთა კარვების ბანაკი მდებარეობს. პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის კონტროლქვეშ მყოფი სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს ინფორმაციით, დაიღუპა ბანაკში მყოფი სულ მცირე 40 ადამიანი და 60 დაიჭრა. სხვა წყაროებით ეს მონაცემები ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.
ს არმიამ განაცხადა, რომ ავიაგამანადგურებლების სამიზნე იყო ჰამასის სამეთაურო ცენტრი, რომელიც ფარულად მოქმედებდა ღაზის სექტორის ამ ტერიტორიაზე არსებულ ჰუმანიტარულ ზონაში. ისრაელის არმიის თანახმად, ჰამასი განაგრძობს სამოქალაქო და ჰუმანიტარული ინფრასტრუქტურის გამოყენებას ტერორისტული საქმიანობისთვის ისრაელის სახელმწიფოსა და მისი სამხედროების წინააღმდეგ.
პალესტინური მხარე უარყოფს, რომ ალ-მავასის დევნილთა ბანაკის ტერიტორიაზე ჰამასის წევრები იმყოფებოდნენ.
ისრაელის მიერ ჰამასისთვის ომის გამოცხადების შემდეგ ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ხან-იუნისს თავი შეაფარა სხვა რაიონებიდან გაქცეულმა ასეულობით ათასმა პალესტინელმა.
ისრაელმა ღაზის სექტორში, ჰამასის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
პალესტინური მხარის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზის სექტორში დაღუპულია 40 000-ზე მეტი ადამიანი. საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო სამოქალაქო მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.
საერთაშორისო შუამავლების მცდელობების მიუხედავად ისრაელსა და ჰამასს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა – გთხოვთ, წადით არჩევნებზე და აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს და მისწრაფებებს!