ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა სირიის დედაქალაქ დამასკში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე. ამის შესახებ დღეს, 2 მაისს განაცხადეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა.
ისრაელის მთავრობის თანახმად, ეს არის მკაფიო სიგნალი სირიის რეჟიმისთვის, რომ არ დაუშვებენ დამასკის სამხრეთით სირიის სამხედრო ძალების განთავსებას და დრუზების თემისთვის რაიმე სხვა საფრთხის შექმნას.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გამანადგურებლებმა დამასკში დაბომბეს სირიის ლიდერ აჰმედ ალ-შარაას რეზიდენციის მახლობლად მდებარე სამიზნეები. შედეგების შესახებ არაფერს იუწყებიან.
სირიის დედაქალაქის შემოგარენში ქვეყნის გარდამავალი მთავრობის ჯარებსა და დრუზების ეთნორელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 29 აპრილს დაიწყო. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ორ დღეში ასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, დაპირისპირების პროვოცირება გამოიწვია სოციალური ქსელებით გავრცელებულმა აუდიოჩანაწერმა, რომელშიც თითქოს, დრუზების სასულიერო პირი კრიტიკულად მოიხსენიებდა მუჰამედ წინასწარმეტყველს. მოგვიანებით გაირკვა, რომ აუდიოჩანაწერში სხვა პირი საუბრობს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში დრუზების უმცირესობის მიმართ ძალადობა დაგმო და გარდამავალ მთავრობას საბრძოლო მოქმედებების შეჩერებისა და სირიის ყველა მცხოვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.
დრუზები სირიის გარდა ძირითადად, ისრაელში, ლიბანსა და იორდანიაში ცხოვრობენ.
