ისრაელმა 2 ნოემბერს ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) გადაცემული სამი ცხედრის ექსპერტიზის შედეგად დაადგინა, რომ ეს მისი სამხედროების ცხედრებია.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა. ისინი 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმის დროს დაიღუპნენ. შემდეგ თავდამსხმელებმა მათი ცხედრები ღაზის სექტორში გადაიტანეს.
ისრაელს კიდევ რვა მძევლის ცხედრები უნდა გადაეცეს.
ქალაქ ღაზიდან გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელმა დღეს კიდევ 45 პალესტინელის ცხედარი გადასცა ჰამასს. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ცხედრები ნასერის საავადმყოფოში გადაიტანეს.
AFP-ის ცნობით, ჰამასის შეიარაღებულმა ფრთამ განაცხადა, რომ კვირას „ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ერთ-ერთი გვირაბის მარშრუტზე“ გვამი იპოვა.
10 ოქტომბერს, ზავის ძალაში შესვლისას, ჰამასს ღაზაში 48 მძევალი ჰყავდა, მათ შორის 20 ცოცხალი იყო.
ზავის ამოქმედების შემდეგ, ჰამასმა 20 ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა და 28 გარდაცვლილის ცხედრების გადაცემა დაიწყო.
ამ უკანასკნელთაგან ჯერჯერობით 20 დააბრუნა – მათ შორის 18 ისრაელელი, ერთი ტაილანდის მოქალაქე და ერთი ნეპალელი.
ისრაელმა ჰამასი ცხედრების დაბრუნების გაჭიანურებაში დაადანაშაულა, ხოლო პალესტინური დაჯგუფება აცხადებს, რომ პროცესი ნელია, რადგან ბევრი გვამი ღაზის ნანგრევების ქვეშაა დამარხული.
მან არაერთხელ მოუწოდა შუამავლებს და წითელ ჯვარს, მიეწოდებინათ მისთვის საჭირო აღჭურვილობა და პერსონალი ცხედრების მისაკვლევად და ამოსატანად.
ისრაელი და ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ.
ფორუმი




