ლიეტუვის ტრანსპორტის სამინისტრო ევროკავშირისგან ითხოვს კომპენსაციას კომპანია „ჩაპმან ფრიბორნის“ მიერ განხორციელებული რეისისთვის, რომლითაც, ირანთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი სამხედრო კონფლიქტის დროს, ლიეტუვის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ.
„მოქმედი პროცედურის შესაბამისად, ტრანსპორტის სამინისტრომ ევროკავშირს „ჩაპმან ფრიბორნის“ მიერ შესრულებული საევაკუაციო რეისის კომპენსაციის მოთხოვნით მიმართა“, – განუცხადეს სააგენტო „ბალტიკ ნიუს სერვისს“ (BNS) ეროვნული კრიზისების მართვის ცენტრში (NKVC), რომელმაც კოორდინაცია გაუწია ევაკუაციას.
ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ევროკომისიას ჯერ არ მიუღია, რადგან ფორმალური შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შეფასების პროცესს, შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს.
ლიეტუვა რეისის ღირებულების სტანდარტული პროცენტის, ანუ დაახლოებით 75%-ის, ანაზღაურებას ითხოვს, რაც დაახლოებით 140 000 ევროს შეადგენს და რომელსაც ევროკავშირი, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ფარავს.
პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუცკასმა საჯაროდ განაცხადა, რომ იორდანიის ქალაქ აკაბადან ვილნიუსში დაბრუნებულ თითქმის 100-მდე ევაკუირებულ ლიეტუველს მგზავრობის საფასურის გადახდა არ მოუწევს.
„იმედია, მოთხოვნილი თანხა სრულად დაფინანსდება, რადგან ლიეტუვას მიაჩნია, რომ კომპენსაციისთვის საჭირო ყველა პირობა დაკმაყოფილებულია“, – აღნიშნა NKVC-მ.
კომპანია „ჩაპმან ფრიბორნი“, რომელმაც ფრენა განახორციელა, შედის ჩარტერული საავიაციო ბიზნეს-ჯგუფის, Avia Solutions Group-ის შემადგენლობაში და მას ბიზნესმენი, გედიმინას ჟიემელისი ხელმძღვანელობს. ამ კომპანიის შერჩევამ ზოგიერთი პოლიტიკოსის კრიტიკა გამოიწვია.
პარლამენტის სპიკერის, საულიუს სკვერნელისის თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ შეჩერდა არჩევანი ამ კომპანიაზე, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა იკითხა, ლიეტუველი მოქალაქეების ევაკუაციისთვის შესაფერისად რატომ ჩათვალეს კომპანია, რომელიც „სტრატეგიულ სექტორებში სანდოდ არ მიიჩნევა“.
პოლიტიკური რეაქცია კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ევაკუირებული, ჟურნალისტი და ანალიტიკოსი მარიუს ლაურინავიჩიუსი, რომელიც ისრაელში ამ ქვეყნის მთავრობის დაფინანსებით იმყოფებოდა, გაურკვეველ ვითარებაში ფრენიდან მოხსნეს.
FL Technics-ი, რომელსაც ჟიემელისი ასევე ირიბად აკონტროლებს, 2015 წელს სამთავრობო კომისიამ დაბლოკა და ვილნიუსის აეროპორტის გაფართოების სამუშაოების ჩატარებაზე, ეროვნული უსაფრთხოების მოტივით, უარი უთხრა.
წლების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ სადაზვერვო სამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომელიც Avia Solutions Group-ის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებდა.
ევაკუაცია ისრაელსა და ირანს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს განხორციელდა. დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ივნისში, 12 დღიანი ბრძოლის შემდეგ, გაფორმდა.
წყარო: 1 არხი
