ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ ნიშნულს 2023 წელსაც ვერ დაუბრუნდა. 2023 წელს, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 80.6%-ით აღდგა, ტურისტული ვიზიტები კი – 92.6%-ით.
გასული წლის ტურისტული სეზონის შესაფასებლად BM.GE-მ კახეთში მოქმედ დასასვენებელი კომპლექს “ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორს მაკა ღლიღვაშვილს მიმართა. ის ამბობს, რომ სასტუმროში ადგილობრივი მოსახლეობის წილი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და მისი რაოდენობა 57%-მდე აღწევს.
მისი ინფორმაციით, გასულ წელს, სასტუმრო დაახლოებით 60%-ით იყო დატვირთული და მათი უდიდესი ნაწილი ქართველი სტუმრები იყვნენ. რაც შეეხება უცხოელ სტუმრებს, კომპლექსს ძირითადად ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ასევე გერმანიიდან, ამერიკიდან და ავსტრიიდან სტუმრობდნენ.
“გასული წლის პირველ 9 თვეში, სტუმრები ისრაელიდან ლიდერობდნენ, თუმცა ომის დაწყების შემდეგ, წინასწარი ჯავშნები გაუქმდა. ასევე, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ტურისტული ნაკადების რიცხვი 50%-მდეა შემცირებული.
ამ ორი ბაზრის შემცირება, ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია, რადგან საუდის არაბეთი მაღალ გადამხდელი სეგმენტია. შესაბამისად, იძულებული ვართ ფასის კორექტირებაც მოვახდინოთ.
ზოგადად, ჩვენ დინამიკური ფასები გვაქვს და ის მოთხოვნაზე, ასევე ხელფასებზე, სამომხმარებლო კალათასა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ფასები წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეიძლება შეიცვალოს, თუმცა მისი მინიმალური ზრდა ხდება”, – განმარტავს მაკა ღლიღვაშვილი.
“ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორი სასტუმროს განვითარების გეგმებზეც საუბრობს. მისი ინფორმაციით, ახალი ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, ჯამში 25 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება.
“გასულ წელს, ჩვენი კორპუსების რენოვაცია მოვახდინეთ, თუმცა მასშტაბური ინფრასტრუქტურული ზრდა „ლოპოტაზე“ 2024 წლის ივნისშია დაგეგმილი. ივნისში სასტუმროს ახალი სასტუმრო კორპუსი დაემატება, რომელიც 80 ნომერს გააერთიანებს. ნომრებს ექნებათ თავისი აუზი და ბუნგალო. ასევე აკვაპარკს ვხსნით, რომელიც ნომრის ღირებულებაში შევა. ამასთან 2 დიდ საკონფერენციო დარბაზს და კაბარე ჯაზ კლუბსაც ვამატებთ”, – აცხადებს ღლიღვაშვილი.
ინფორმაციისთვის, არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მეტი სტუმარი თბილისს ესტუმრა და მათი რაოდენობა 33.3%-ს შეადგენს. აჭარაში ტურისტული ნაკადების რაოდენობა 29.9% იყო. 12.2%-ით იყო დატვირთული მცხეთა-მთიანეთის რეგიონი, ხოლო ქვემო ქართლში ტურისტების რაოდენობა 5.7% -ს შეადგენდა. სამცხე ჯავახეთში, უცხოელი ვიტიტორების რაოდენობა 5.4% იყო, ხოლო იმერეთს 5.2% სტუმრობდა. რაც შეეხება კახეთს, უცხოელი სტუმრების რაოდენობა 3.7% შეადგენდა.