ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში გავრცელებული ვირუსის გამო ისრაელელი სამხედროების პოლიომიელიტის ვაქცინით აცრას იწყებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პოლიომიელიტის ვირუსის კვალი ღაზის კანალიზაციის სისტემაში აღმოაჩინა, თუმცა ჯერჯერობით ვირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არაა დადასტურებული.
როგორც ცნობილია, ისრაელის თავდაცვის ძალებში პოლიომიელიტის ვაქცინაციის კამპანია სავალდებულო არ იქნება და სამხედროები მას სურვილის შემთხვევაში გაიკეთებენ. 19 ივლისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა კრისტიან ლინდმეიერმა თქვა, რომ ღაზის სექტორის ექვს საკანალიზაციო სისტემაში პოლიომიელიტის ტიპი 2-ი აღმოაჩინეს, თუმცა ღაზაში პოლიომიელიტთან დაკავშირებული სიმპტომები ჯერჯერობით არ გამოვლენილა.
პოლიომიელიტი ინფექციური დაავადებაა, რომელიც თავს ესხმის ადამიანის ნერვულ სისტემას და შესაძლოა სხეულის პარალიზება გამოიწვიოს. პოლიომიელიტით დაავადების მთავარი რისკ-ჯგუფი ბავშვები არიან. სიცხე, დაგროვილი ნაგავი, სუფთა წყლის დეფიციტი და მძიმე სანიტარიული პირობები პოლიომიელიტის გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორებია.