ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ, “ისლამურმა სახელმწიფომ” (IS) პასუხისმგებლობა იკისრა ირანში მომხდარ ორ აფეთქებაზე, რომელსაც ემსხვერპლა სულ მცირე 84 ადამიანი – აფეთქებები მოხდა კერმანში, ირანის ელიტური “ყუდსის ძალების” ყოფილი მეთაურის, ყასემ სოლეიმანის დაღუპვიდან მეოთხე წლისთავის აღსანიშნავ მსვლელობაზე.
ექსტრემისტული ჯგუფი ტელეგრამით წერს, რომ მისმა ორმა წევრმა “მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი ჟილეტები”. ინციდენტმა გააღრმავა შიშები რეგიონში კონფლიქტის გაფართოების თაობაზე, იმ ფონზე, როცა ისრაელი განაგრძობს შეტევას ღაზის სექტორზე, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის წინააღმდეგ, იემენში განთავსებული ჰუთი მეამბოხეები კი განაგრძობენ თავდასხმებს წითელი ზღვის კომერციულ არხებზე.
ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA 4 იანვარს ავრცელებს ჯანდაცვის უწყების ცნობას, რომლითაც დაღუპულთა შესახებ მანამდე გავრცელებული მონაცემი – 95 ადამიანი – შემცირებულია 84 ადამიანამდე, აფეთქებების შედეგად დაიჭრა 284 პირი.
მანამდე, 4 იანვარს, ირანის პრეზიდენტის თანაშემწემ აფეთქებებში ისრაელი და აშშ დაადანაშაულა. აშშ-მა უარყო მოსაზრებები, რომ აფეთქებების უკან ვაშინგტონი ან ისრაელი იდგნენ.