“ისე მომინდა, ჩავხუტებოდი და მეკოცნა – ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში – და მერე თავის, თითქმის 90 წლის ქალთან მიდის”

„ხელოსანი მოვიდა. რა ვიცოდი, ვინ მოვიდოდა – გამოვიძახე და მოვიდა. პატარა, ყვითელი მოხუცი კაცი – ძალიან პატარა და სველი. ვერ ვიტან ხელოსნებს, ცალკე მოჯალათო კასტაა… მაგრამ ეს ხელოსანია? ჩიტი თუ გნომი?
მივიდა, დაათვალიერა ონკანი:
– არაფერია ისეთი, ამას შენც კი გააკეთებდი, სულ იოლიაო. მოდი, უყურე და სხვა დროს თვითონ გააკეთეო.
ვდგავარ.
ვუყურებ.
ონკანს არა –
პატარა, დამჭკნარ, გამჭვირვალე ხელებს.
ძველი მწვანე ჯემპრის გაქექილი სახელოებიდან იყურებიან ხელები – როგორც ჩამქრალი თვალები.
მაქვს ჯემპრი – მოერგება კი არა, დიდიც ექნება, ახალი… მაგრამ ისეთია ეს ხელები, ისე იყურებიან, ვერ აკადრებ, რომ აჩუქო.
გააკეთა.
– ხო უყურე, რა იოლია, – მითხრა, – სხვა დროს თავითონ გააკეთებ და ფული არ დაგეხარჯება.
მინდა, რომ ჩაიზე დარჩეს, გათბეს… კატომაც გაიღვიძა, მოვიდა და ფეხებზე მიეფერა – გაედო.
– უი, ფისოო… – და გაიღიმა, როგორ გაიღიმა – ბავშვივით.
მიეფერა.
– ვერ დავრჩები, მირჩევნია წავიდე. ჩემი ქალი მელოდება, ლოგინადაა ჩავარდნილი. მთელი დღეა ვმუშაობ… ცოდვაა მარტოო.
მინდა, ვკითხო, რამდენი წლისაა – და მერიდება.
გაიგო? ფიქრი გაიგონა?
– გაისად 90 წლისები ვხდებით ორივენი, – მითხრა.
– ის ჩავარდა, ჩვენი ბიჭის მერე… – და აღარ აგრძელებს. ან რა საჭიროა?
პატარა ჩანთა აქვს – იარაღები უწყვია, ყავისფერი, გაქექილი.
და… მთელი დღეა მუშაობს!
და ახლა სახლში მიდის.
და ვინ იცის, იქ რა ხდება…
რა აქვთ…
როგორ არიან…
და ეს, პატარა ყვითელი ჩიტი, გნომი – უნდა წავიდეს ბნელ, სველ ღამეში…
კიდევ გაიღიმა, როცა ფული მივეცი – და კიდევ ბავშვს გავს.
– კარგად იყავი, ფისოო… – და კატომ უპასუხა:
– მიაუ…
ისე მომინდა, ჩავხუტებოდი და მეკოცნა – ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში – და მერე თავის, თითქმის 90 წლის ქალთან მიდის.
ვერ იცოცხლა იმ მათმა ბიჭმა… და რა ექნა?
შეატოვა ესენი ღამეს, წვიმას, სიცოცხლეს, ქარს…
მაგრამ აბა რას იფიქრებს… „გიჟიაო“, იფიქრებს. ან ეწყინება – შემეცოდაო.
ან რა აქვს შესაცოდი? ისე კოხტად უკავია თავისი ჩანთა, ისე კოხტად მიდის – პატარა, ერთი ბეწო და ძლიერი – კარისკენ.
ვუღებ კარს. ჯიბეში ჩაიყო ხელი – რაღაცას ეძებს. ამოიღო წითელ ქაღალდში კანფეტი:
– ეს ჩაის მიატანე. ერთი დამრჩა… მიყვარს ტკბილიო…
და წავიდა.
და მე რა ვქნა ახლა?
და ან ამ სიცოცხლემ რა ქნას?
რამ მოაწყო ასე – თვითონაც რომ არ იცის?“
© ინგა მილორავა
წყარო: სოციალური ქსელი