ქართული ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი კვლავ რუსეთია, სადაც მიმდინარე წლის 9 თვეში ექსპორტირებული ღვინის 68,4% გავიდა. რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება. ამას ადასტურებს სტატისტიკა. წელს რუსეთში ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 13.8%-ით გაიზარდა. ქართული მეღვინეობა ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზარზეა დამოკიდებული და დიდი ნაწილიც სწორედ ამ ბაზრებზე იყიდება. მთლიანად ექსპორტირებული ღვინის 85% სწორედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გავიდა.
დამღუპველი – ასე აფასებს ბიზნეს კონსულტანტი ლევან კობერიძე ქართული ღვინის რუსულ და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზრებზე დამოკიდებულებას. მისი თქმით, სარეალიზაციო ბაზარი ღვინის ხარისხს განსაზღვრას, რადგან მომხმარებელს ის ხარისხი მიეწოდება, რასაც ითხოვს. ლევან კობერიძის შეფასებით, ამ ბაზრებზე დამოკიდებულება ქართული ღვინის ხარისხს აფუჭებს და ის პოსტსაბჭოთა ქვეყნების მომხმარებლის გემოდან ვერ გამოდის. ღვინის ხარისხის გარდა ბიზნეს კონსულტანტი ყურადღებას ამახვილებს რუსეთის საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. ლევან კობერიძე აცხადებს, რომ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება რისკის შემცველია, რადგან ის არასტაბილური პარტნიორია და პოლიტიკური დღის წესრიგით ხელმძღვანელობს, რაც მეღვინეებს რისკის წინაშე აყენებს.
,,ერთის მხრივ, ჩვენ გონივრულად უნდა გამოვიყენოთ ის ბაზრები, რომელიც ისტორიულად აქვს ქართულ მეღვინეობას და კარგი დასაყრდენია ფინანსური ნაკადების მობილიზაციისთვის და შემოსავლებისთვის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ყველაზე არასტაბილური პარტნიორია ქართველი მეღვინეებისთვის. პოლიტიკური დღის წესრიგის დატვირთულობისა და რუსეთის მტრული პოლიტიკის გამო ქვეყანა საქართველოსთან მიმართებაში, ნებისმიერ დროს მეღვინეობის თემა შეიძლება გამოიყენოს პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად. რაც უკვე მოხდა 2006 წელს, როდესაც მან აკრძალა ქართული ღვინო ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. იგივე რომ დღესაც გააკეთოს და ამისი რისკი საკმაოდ დიდია პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, ფაქტობრივად ჩავთვალოთ, რომ ქართული მეღვინეობის უდიდესი ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს კრახის წინაშე. პოლიტიკური რისკია. ერთ ქვეყანაზე ასეთი დამოკიდებულება მთლიანად ქართული ღვინისთვის არის დამღუპველი. ერთი ის, რომ ეს ავტომატურად ნებით თუ უნებლიედ იწვევს ხარისხთან კომპრომისს. იმიტომ რომ, რუსეთის ბაზარი არ არის ისეთი ბაზარი მაგალითად, როგორიც არის ინგლისი, გერმანია, აშშ ან იაპონია, სადაც თვითონ სამომხმარებლო სტანდარტი და კონკურენცია იმდენად მძაფრია, რომ მაღალ ხარისხს ითხოვენ. რუსეთი არის ის ბაზარი, სადაც ყალბის მქნელობა და ფალსიფიცირება არის აბსოლუტურად მიღებული დღის წესრიგი. შესაბამისად, ქართული მეღვინეობა უნდა თუ არ უნდა, ხშირ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ამ ცდუნების მსხვერპლი. მთელი პრობლემა არის ის, რომ წლიდან წლამდე რუსეთზე და პოსტსაბჭოთა სივრცეზე დამოკიდებულების პროცენტი ფაქტობრივად არ იცვლება. ანუ სტაბილურად არის 60%-ზე ზემოთ. ეს ნიშნავს, რომ ქართული მეღვინეობის პოლიტიკაში არის გასატარებელი მნიშვნელოვანი რეფორმები და ცვლილებები. ეს პირველ რიგში უნდა ეხებოდეს ახალ ბაზრებზე გასვლას, როგორიც არის აშშ, დიდი ბრიტანეთი, რომლებიც მილიარდიანი ბაზარია მეღვინეობისთვის. ასევე ევროპის ქვეყნები, მაღალი სტანდარტის აზიის ქვეყნები, მაგალითად იაპონია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არამარტო სურვილი გვქონდეს გაცხადებული ამ ბაზრებზე შესვლის და უბრალოდ თანხებს ვხარჯავდეთ, არამედ ეს ყველაფერი იყოს ეფექტიანი. ფაქტია, რომ ჩვენ შესაბამისი შედეგი ჯერჯერობით ვერ მივიღეთ. ეს ნიშნავს, რომ საერთო ძალისხმევა არის საჭირო. მინიმუმ იმსახურებს დაფიქრებას ეს მონაცემები.”- აცხადებს ლევან კობერიძე.
ლევან კობერიძეს ვკითხეთ, მისი აზრით რა განაპირობებს ქართველი მეღვინეების მხრიდან რუსულ და პოსტსაბჭოთა ბაზრებზე ორიენტირს და დამოკიდებულებას. ის გვპასუხობს, რომ აღნიშნულ ბაზრებზე შესვლა ადვილია, რაც მეღვინეებისთვის მთავარი მოტივაციაა.
,,ადვილია იქ შეღწევადობა. ნახევრად ტკბილი ღვინოები, რომელიც სამართლიანად ითვლება საბჭოთა გადმონაშთად და ფენომენად (მაგალითად, ქინძმარაული თავის დროზე შეიქმნა საბჭოთა კავშირის სივრცისთვის) მეღვინეობის თვალსაზრისით არ აღიქმება სერიოზულ სტანდარტად. პროფესიულ დეგუსტაციებში (იშვიათი გამონაკლისების გარდა) შაქრის მაღალი შემცველობის ღვინო არ განიხილება სერიოზულ და მაღალი სტანდარტის ღვინოდ. რუსეთის ბაზარი სწორედ, რომ ამ ნახევრად ტკბილ ღვინოებს არის შეჩვეული. ასე დავარქვათ, რეალურად კომპოტს ვყიდით, ღვინოს კი არა. კომპოტის გაყიდვა თუ გვინდა, მაშინ კომპოტი გავყიდოთ. წლიდან წლამდე ჩვენ უნდა ვხედავდეთ დინამიკას, რომ რუსეთის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე დამოკიდებულება პროცენტული თვალსაზრისით ექსპორტში მცირდება. პირიქით გაიზარდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს არის პრობლემა. არიან კარგი მწარმოებელი კომპანიები, ესეც აღვნიშნოთ, იმათი წილი მთლიან ექსპორტში არის ძალიან ცოტა. მე გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ვივარაუდო, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის არა შესაბამისი ხარისხის, ფალსიფიცირებული ღვინო შეიძლება გადიოდეს ქვეყნის გარეთ. მათ შორის ქვეყნის შიგნითაც ჩამოსასხმელი ღვინის სტანდარტი არის საკმაოდ დაბალი. თუ ასე არ არის, მაშინ ამიხსნან რესტორანში ყველა თავისი ბოცით რატომ დადის?”- აცხადებს ლევან კობერიძე.
საქართველოს დღეს მსოფლიოში ღვინის სამშობლოდ აღიარებენ. ქვეყანას ღვინის უამრავი ექსპერტი ეწვია და ქართული ღვინის კულტურას გაეცნო. თუმცა, სწორი მარკეტინგული პოზიციონირება ახალი ბაზრების ათვისების ბიძგი ვერ გახდა.
,,ჩვენ არ ვართ მსოფლიოში ღვინის მოხმარების 1%-იც კი. საქართველო მთელს მსოფლიოში აღიარებულია ღვინის სამშობლოდ. ძალიან წელგამართული მარკეტინგული პოზიციონირება გვიჭირავს ხელში და ვერ ვახერხებთ გავცდეთ რუსეთის ბაზარს. ქვეყანა, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო, ვინ აღარ ჩამოვიდა: სომელიეები, დეგუსტატორები, თავისი ინიციატივით, სახელმწიფოს ხელშეწყობით, ბიზნესის ხელშეწყობით. გაიგო ყველამ, მთელმა მსოფლიომ, რომ მეღვინეობის აკვანი ვართ. რით ვერ დაირწა ეს ქართული ღვინო ამ აკვანში, რომ რუსეთს გაცდეს და ფეხი აიდგას ევროპის და დასავლეთის ცივილიზებულ ბაზარზე. ქართული მეღვინეობის აკვანი დგას და უბრალოდ არავინ არ არწევს, რომ გაიზარდოს ქართული ღვინო და გავიდეს ბაზარზე.”- აცხადებს ლევან კობერიძე.
