ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და ღვინის ექსპერტი გიორგი სამანიშვილი აცხადებს, რომ ქართული ღვინის სექტორის განვითარება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე ვითარდება. მისივე თქმით, ქვეყანაში მცირე და საშუალო მარნები დღეს მაღალი ხარისხის ღვინოებს აწარმოებენ. თუმცა, გვყავს ისეთი მწარმოებლებიც, რომლებიც ღვინოს მასიურად ასხამენ და მათი პროდუქციის ხარისხი საეჭვოა.
,,ერთი მხრივ წინ მივდივართ და გაცილებით წინ ვართ, ვიდრე ვიყავით 20 წლის წინ. მეორე მხრივ, გაცილებით უკან ვართ ვიდრე შეგვეძლო ვყოფილიყავით. ეს ძალიან სამწუხაროა. დაახლოებით იგივე ნაირად ვითარდება ღვინის სექტორი, როგორც ქვეყანა. გვაქვს ძალიან წარმატებული შემთხვევები. მაგალითად მცირე და საშუალო მარნები, რომლებიც ძალიან წინ წავიდნენ ხარისხის მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ ისევ გვყავს მწარმოებლები, რომლებიც მასიურად ძალიან უხარისხო ან საეჭვო ხარისხის ღვინოებს ამზადებენ. ასევე, სამწუხაროდ არ ჩანს პერსპექტივა, რომ ეს კომპანიები ვინმემ შეიძლება შეამოწმოს ან შეაჩეროს.”- აცხადებს გიორგი სამანიშვილი ,,კომერსანტთან“ საუბარში.
ჩვენ დავინტერესდით, რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზრებზე. გიორგი სამანიშვილი ამბობს, რომ ხარისხიანი ღვინის მწარმოებლებს ნებისმიერ ბაზარზე შეუძლიათ კონკურენციის გაწევა. თუმცა ქართულ ღვინოს აქვს დაბალი ცნობადობა, რის გაზრდასაც დრო სჭირდება.
,,ქართული ღვინო აბსოლუტურად კონკურენტუნარიანია პრინციპში ნებისმიერ იმ ბაზარზე, სადაც ღვინის ფასი და ხარისხი იციან და აფასებენ. უხარისხო ღვინის მწარმოებლებს ალბათ არანაირი შანსი არ აქვთ კარგ ბაზრებზე განავითარონ თავისი ღვინოები. საშუალო ხარისხის აქვს პოტენციალი იაფ სეგმენტზე რომ იმუშაოს. თუმცა, უმრავლესობა მაინც მაღალ სეგმენტზე უნდა მუშაობდეს და პრინციპში ასეც იქცევიან. უბრალოდ დრო სჭირდება, რომ უფრო მეტი იყოს ცნობადობა და ნდობა ქართული ღვინის მიმართ. ბრენდი ქართული ღვინო უნდა იყოს სანდო მომხმარებლისთვის.”- აცხადებს გიორგი სამანიშვილი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში ფალსიფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. მისივე თქმით, საქართველოში რამდენიმე მსხვილი კომპანიაა, რომელიც საექსპორტო ღვინოს აწარმოებს და რომელთა ხარისხის მიმართაც ეჭვები ჩნდება, თუმცა ის კონკრეტულ კომპანიებს არ ასახელებს.
,,ოფიციალურად არც ერთი ფალსიფიცირების შემთხვევა არ არის გამოვლენილი ბოლო 15 წელია. მაშინ, როცა ყველამ ვიცით, რომ ფალსიფიცირება ხდება. კომპანიები, რომლებიც ამას კადრულობენ უბრალოდ მეტი შემოსავალი აქვთ, ვიდრე იმ კომპანიებს, რომლებიც პატიოსნად მუშაობენ. ჩვენ გვყავს რამდენიმე ძალიან დიდი ექსპორტიორი, რომლის არსებობაც ქართული ღვინის მომხმარებელმა არც კი იცის. ძალიან საეჭვოა, რომ ისინი კარგ ღვინოს უშვებდნენ საექსპორტოდ.”- აღნიშნავს გიორგი სამანიშვილი.
,,კომერსანტი” დაინტერესდა როგორ და რომელმა უწყებამ უნდა გამოავლინოს ღვინის ფალსიფიცირების შემთხვევა. გიორგი სამანიშვილი განმარტავს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან ფინანსთა სამინისტრომ უნდა აწარმოოს. ის სხვა ქვეყნებში არსებულ პრაქტიკაზეც ამახვილებს ყურადღებას.
,,ფალსიფიკაცია გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული და მისი კონტროლი სხვა ქვეყნებში ევალებათ და ჩვენს ქვეყანაშიც უნდა ევალებოდეს ან ფინანსთა სამინისტროს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ როგორ მოხდება ამის (ფალსიფიცირების) გამოვლენა. მე არ მსმენია, რომ ან ფინანსთა ან შსს-ს როდისმე მსგავსი რამ ჩაეტარებინათ, თუ არ ჩავთვლით 25 წლის წინ მომხდარ შემთხვევებს, რომელიც ასევე არაჯანსაღად იყო ჩატარებული. ღვინოები რომ დაიქცა, მაშინაც გამოძიების გარეშე მოხდა ღვინოების განადგურება. ეს დიდი ხნის წინ იყო. დღეს წესით ამას მაინც ფინანსთა სამინისტრო უნდა აქცევდეს ყურადღებას. თითქოს ყველა ელოდება, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ უნდა გააკეთონ ეს, თუმცა მათ ამის უფლებამოსილება არ აქვთ, რადგან გაცილებით მძიმე დანაშაულია, ვიდრე მათ შეუძლიათ გამოარკვიონ. თუმცა ეჭვი შეიძლება აიღონ და გამოძიების ინიციატორები იყვნენ.”- აცხადებს გიორგი სამანიშვილი.