ისევე როგორც ეს მოხდა საბანკო სექტორის შემთხვევაში, ადამიანებმა ისარგებლებს პლასტიკური ბარათებით და მიხვდნენ, რომ ეს მნიშვნელოვანია – ნინა კობახიძე სავალდებულო დაზღვევის აუცილებლობაზე
“გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძე სავალდებულო დაზღვევის შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს.
„სადაზღვევო კომპანიების განვითარებას თავისი მოდულები და თავისი გზა ახლავს. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სავალდებულო შინაარსის დაზღვევებზე, რომლებიც საქართველოში სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ დაწყებულა და არ ვიცით როდის დაიწყება, ამის გარეშე ეს სექტორი ვერ განვითარდება“, – განაცხადა ნინა კობახიძემ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში.
მან მაგალითად საბანკო სექტორი მოიყვანა.
„ფიზიკურად ადამიანმა ერთხელ თუ არ ისარგებლა შენი პროდუქტით, თუ არ გახდა შენი მომხმარებელი, ვერასდროს მიხვდება რომ ეს აუცილებელია. მაგალითად, ისევე როგორც თავის დროზე ეს საბანკო სექტორის შემთხვევაში მოხდა. მომხმარებლებმა ისარგებლებს პლასტიკური ბარათებით და მიხვდნენ, რომ ეს პლასტიკური ბარათები მათთვის მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, დღეს სადაზღვევო სექტორის განვითარებას რამდენიმე ფაქტორი აფერხებს, მათ შორის – სავალდებულო დაზღვევის არ ქონა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კონკურენტად მოვლინება.
„მიუხედავად გამოწვევებისა, რა თქმა უნდა, ყველა სადაზღვევო კომპანია ვითარდება იმის შესაბამისად, რა რესურსიც და რა მასშტაბებიც მას შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, ჩვენ წინა წელთან შედარებით, გავაორმაგეთ ჩვენი დაზღვევების რაოდენობა. ამბიცია გვაქვს და გვსურს, რომ უფრო ფართო დაფარვა გვქონდეს“, – განმარტა კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით, “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ პორტფელში, ჯერჯერობით, 59 პროცენტი არის ჯანმრთელობის დაზღვევა, დანარჩენი კი – არა სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებაა.
