19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე დაკავებული ისაკო დევიძე, რომელმაც მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს.
ამის შესახებ „ტვ პირველს“ ისაკო დევიძის ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება ძალიან მალე გაუარესდეს, რადგან მშრალ შიმშილზეა. როდესაც ადამიანი რამდენიმე დღე წყალს არ იღებს, შეიძლება მძიმე შედეგი დაუდგეს. ისაკო უკვე 48 საათზე მეტია, რაც დაკავებულია და მას არ მიუღია არც წყალი და არც საჭმელი. გუშინ მოითხოვა სახალხო დამცველის შემოსვლა, მაგრამ ამ წუთამდე არ შემოსულა სახალხო დამცველი. მე ვთხოვ სახალხო დამცველს, აღნიშნული საქმე აიღოს მისი დაკვირვების ქვეშ და დაუყოვნებლივ შემოვიდეს. ისაკო დევიძე, პირველ რიგში, არის უკანონო პატიმარი და მეორე მხრივ, ის შიმშილობს, არ სვამს წყალს და მას სჭირდება სხვადასხვაგვარი დაკვირვებები. აქედან გამომდინარე, ვითხოვთ, სახალხო დამცველი სწრაფად შემოვიდეს და მოინახულოს“, — განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
როგორც „ნეტგაზეთს“ ომბუდსმენის აპარატში განუცხადეს, სახალხო დამცველის წარმომადგენელი წასულია ისაკო დევიძის მოსანახულებლად. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ის შიმშილობის გამოცხადებამდეც მოინახულეს.
ისაკო დევიძეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 8-დღიანი პატიმრობა 20 ნოემბერს შეუფარდეს. მან მშრალი შიმშილობა გამოაცხადა.