„როგორც ჩანს, მოსაზრებები ჩვენი გალაქტიკის განადგურების შესახებ, ძლიერ გადაჭარბებულია“.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები მას შემდეგ, რაც მიმოიხილეს დასკვნა, რომელიც გარდაუვლად მიიჩნეოდა — ირმის ნახტომისა და ანდრომედას გალაქტიკის შეჯახება.
ჰელსინკის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ასტროფიზიკოს ტილ სავალას ხელმძღვანელობით გამოთვალა, რომ მომდევნო 10 მილიარდ წელიწადში, ორი გალაქტიკის შეჯახების შანსი დაახლოებით 50 პროცენტია.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეჯახების ალბათობა ისეთივეა, როგორიც გვერდის ავლა.
„არ დაგვიდგენია, რომ წინა გათვლები მცდარია — პირიქით, როდესაც ერთი და იგივე ვარაუდებიდან ვიწყებთ, ადრინდელ შედეგებს ვიმეორებთ. თუმცა, ახლა დავადგინეთ ის, რომ ირმის ნახტომისა და ანდრომედას შეჯახების წინა პროგნოზი მხოლოდ ერთ-ერთია რამდენიმე შესაძლებლობიდან. რა თქმა უნდა, ადგილობრივი ჯგუფის ბედი ქაოსური არაა; კიდევ უფრო უკეთესი მონაცემებით გაეცემა პასუხი კონკრეტულ კითხვას იმის შესახებ, შეერწყმევა თუ არა ერთმანეთს ირმის ნახტომი და ანდრომედა. ამიტომ, ჩვენი კვლევა ნამდვილად არ იქნება საბოლოო სიტყვა ამ საკითხზე“, — განუცხადა სავალამ ScienceAlert-ს.
ირმის ნახტომისა და ანდრომედას შეჯახებას ასტრონომები უკვე მრავალი წელია, პროგნოზირებენ და ეს მოვლენა დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის შემდეგ უნდა მოხდეს. ორი გალაქტიკის შერწყმის შედეგად წარმოიქმნება ერთი დიდი გალაქტიკა, რომელსაც უკვე უწოდეს „მილკომედა“; მეცნიერებს ეს მოვლენა გარდაუვლად მიაჩნდათ.
თუმცა, ირმის ნახტომი და ანდრომედა კოსმოსის ამ პატარა კუთხეში მარტონი არ არიან. მიეკუთვნებიან გალაქტიკათა პატარა ჯგუფს, რომელიც ირმის ნახტომიდან დაახლოებით 5 მილიონი სინათლის წლის რადიუსში ვრცელდება და მას ადგილობრივ ჯგუფს უწოდებენ. ირმის ნახტომი და ანდრომედა მისი უდიდესი წევრები არიან, მაგრამ არის სხვა რამდენიმე გალაქტიკაც, რომლებიც მხედველობაში უნდა მივიღოთ მომავლის მოდელირებისას.
სავალამ და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს ჰაბლისა და გაიას კოსმოსური ტელესკოპების უახლესი მონაცემები, ასევე ადგილობრივი ჯგუფის ოთხი ყველაზე დიდი ობიექტის მასის ბოლო შეფასებები — ირმის ნახტომის, ანდრომედასი, სამკუთხედის გალაქტიკის (M33) და მაგელანის დიდი ღრუბლის.
შემდეგ ჩაატარეს მომდევნო 10 მილიარდი წლის სიმულაციები, რომლებშიც გალაქტიკებს ამატებდნენ ან აცლიდნენ, რათა ენახათ, როგორ შეცვლიდა ეს შედეგებს.
„თითქმის ყველა ასტროფიზიკოსი და სინამდვილეში ყველა ჩემი წინა ნაშრომიც ფოკუსირებულია წარსულის გაგებაზე — როგორ მოვედით აქამდე და რატომ. ამის კარგი მიზეზები არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, ასევე მომაჯადოებელია მომავალზე ფიქრი. თავდაპირველად, მოტივირებული ვიყავი გამეგო ფართო კოსმოსური გარემოს პოტენციური გავლენა ირმის ნახტომი-ანდრომედას შეჯახებაზე, მაგრამ როგორც ვაჩვენეთ, სინამდვილეში ბევრი კომპლექსურობა და გაურკვევლობაა შედარებით მარტივ, სამ ან ოთხსხეულიან სისტემებშიც კი“, — ამბობს სავალა.
როგორც მათმა შედეგებმა აჩვენა, M33-ისა და მაგელანის დიდი ღრუბლის არსებობა დრამატულად ცვლის ირმის ნახტომისა და ანდრომედას შეჯახების ალბათობას. როდესაც მხოლოდ ორი დიდი გალაქტიკა რჩება, შეჯახება სიმულაციების ნახევარზე ოდნავ ნაკლებში დაფიქსირდა.
ვრცლად პირველ არხზე
