ირმა ხეცურიანის მორიგი წარმატება – როგორია ირმა ხეცურიანის ეტლიდან დანახული ცხოვრება და რთული გზა დევნილობიდან მსოფლიო აღიარებამდე – Marao
უელსის ქალაქ კარდიფში აიღო ეტლით ფარიკაობაში 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა ნახევარფინალში ტაილანდელ მოწინააღმდეგესთან წააგო და მესამე ადგილზე გავიდა. კარდიფში საქართველოს ნაკრების წევრები, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც ასპარეზობენ. ირმა ხეცურიანის მედალი მიმდინარე წელს პირველია პარალიმპიური კომიტეტისთვის.
ირმა ხეცურიანი ქართველი პარასპორტსმენი (ფარიკაობა), 2017 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტულის მფლობელი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო თასის გამარჯვებული (2017, ნიდერლანდები), მსოფლიო თასის გამარჯვებულია (2017, პოლონეთი). მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის მედალოსანი. 2018 წლის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებული. ევროპის ჩემპიონატებისა და მსოფლიო თასის გათამაშების არაერთგზის მონაწილე და სხვადასხვა სინჯის მედლების მფლობელი.
“ჩემს ცხოვრებაში დაბრკოლების გარეშე არაფერს ჩაუვლია” – ამბობს წარმატებული პარამოფარიკავე, 18 ოქროს მფლობელი ირმა ხეცურიანი, რომელსაც ყველა პრესტიჟულ ასპარეზობაში წარმატება აქვს მოპოვებული. უკვე რვა წელია ამ სპორტშია და მიაჩნია, რომ ფარიკაობასთან ჭიდაობა აქვს გამართული. ფაქტია, რომ ეს “ჭიდაობა” ირმას სასარგებლოდ მიმდინარეობს.
აფხაზეთიის ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში დაიბადა. ცაგერა ლეჩხუმელების სოფელი იყო, სადაც ლეჩხუმიდან ჩასახლებული ხალხი ცხოვრობდა. 7 წლის იყო, ომი რომ დაიწყო და პირველი დაბომბვის შემდეგ იქაურობის დატოვება მოუხდა… მშობლებთან და დასთან ერთად ახლაც იხსენებს სოფლის რაღაც ეპიზოდებს, რაც მცირე ასაკის გამო ბუნდოვნად და კადრებად ახსოვს.
“ახლა იქ, სავარაუდოდ, რუსეთის პოლიგონია, ან ჩვეულებრივი ტყე, ყველა სახლი, ერთის გარდა, დაიწვა… როგორც ამბობენ, იქ ახლა არაქართველი ცხოვრობს. არადა, პატარა ძალიან ლამაზი ზღვისპირა სოფელი გვქონდა, სადაც მდინარეც იყო, ხალხი მიწას ამუშავებდა, მოჰყავდათ სიმინდი, ბოსტნეული, ხილი… ჩემს წარმოდგენაში, როდესაც სახლს წარმოვიდგენ ხოლმე, ზუსტად ისეთია, როგორიც იქ დავტოვეთ და დაიწვა… როდესაც აფხაზეთზე ლაპარაკობენ, მაშინვე ის მახსენდება, რომ აფხაზეთი ის ადგილია, სადაც ვერ მოვასწარი გაზრდა, განვითარება და წარმატების მიღწევა. იქ არის ჩემი ფესვები… ამიტომ ცუდია ომი და ეს სრულიად პატარამ საკუთარ თავზე გამოვცადე. არავის არც ერთ ასაკში ვუსურვებ მსგავს გამოცდილებას.
დევნილობაშემდეგ წყალტუბოში გადმოვედით, ბევრი მეზობელი, ნაცნობი იყო იქ და გულმა იქით ამიტომ გაგვიწია. სკოლა იქ დავამთავრე. თავიდან, სანამ ახალ ცხოვრებას ალღოს ავუღებდით, არ იყო ადვილი, მაგრამ იქაურობას ნელ-ნელა მოვერგეთ. ერთი კიდევ, რაც არც ისე სასიამოვნოდ მახსოვს – “აფხაზეთიდან ჩამოთრეული”… ეს ძირითადად ბავშვებში მიუღებლობა იყო… თუმცა ეგეც დარეგულირდა და ახლა ზრდასრულებს ამაზე გვეცინება… კარგად ვსწავლობდი. გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ზოგადი გაჭირვება იყო, ის პერიოდი ცუდად არ მახსენდება.
მოულოდნელი დიაგნოზი- და მოულოდნელად, სტუდენტი გოგონას ცხოვრებაში, რთული ეტაპი დადგა, დაისვა დიაგნოზი, რომელმაც თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა… რომ არა ის დიაგნოზი, დღეს ასეთი წარმატებული ადამიანი იქნებოდით?
– არ ვიცი, სულ სხვა გეგმები მქონდა, თუმცა ცხოვრება ძალიან საინტერესოა. უდიდესი გამოცდა გავიარე ომით, შემდგომი დაბრკოლებებით, რაც მერე იმ დიაგნოზით დაგვირგვინდა, ძნელი სათქმელია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ამ ყველაფრის გარეშე. ალბათ ვიქნებოდი ფეხზე მოსიარულე ირმა და არა ეტლით მოსარგებლე. წავიდოდი თუ არა სპორტის მიმართულებით, არც ეს ვიცი. ისე, შრომისმოყვარე ვარ და შესაბამისად, რა სფეროსაც ავირჩევდი, იმას გავყვებოდი, მასში მაქსიმუმს ჩავდებდი და წარმატებას მივაღწევდი, მაგრამ აღიარებას მოვიპოვებდი თუ არა, ეს არ ვიცი.
– სად სწავლობდით?
– უცხო ენა-ინფორმატიკას ვეუფლებოდი, ჭკვიანი გოგო ვიყავი, მაგრამ ისე მოულოდნელად მოხდა ის, რაც მოხდა, რომ სწავლის დამთავრება ვერ მოვახერხე. ახლა გეგმაში მაქვს, ეს საქმეც ბოლომდე მივიყვანო. ოღონდ, სპორტის და მენეჯმენტის მიმართულებით უნდა განვაგრძო. სპორტს თავს რომ დავანებებ, სამწვრთნელო საქმიანობისთვის ეს აუცილებელი იქნება, რასაც ჩემი პრაქტიკული გამოცდილებაც დაემატება. ყველაფერი იმისთვის, რომ ბავშვებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გადავცე და გავუზიარო.
ეტლიდან დანახული ცხოვრება- ძლიერი ადამიანი ხართ. ეტლით უდიდეს წარმატებას მიაღწიეთ… როგორია ეტლიდან დანახული სამყარო?
– არ ვიცი. მაშინ, როცა ეტლში ჩაჯდომა მომიწია, მაშინ რამდენად ვიყავი ძლიერი ადამიანი. ყველაფერი მერე ვისწავლე, საკუთარ თავზე მუშაობამ ბევრი რამ მომცა. რაც უფრო მეტ დაბრკოლებას დაძლევ, მეტად ბრძოლისუნარიანი ხდები. ჩემი პირველი ნაბიჯები საკმაოდ რთული იყო, ყველაფერს სხვანაირად ვხედავდი და ცხოვრება საინტერესოდ არ მეჩვენებოდა. როცა დიაგნოზის პასუხი მოვისმინე, არ ვიცოდი, მომავალში რა იქნებოდა, წარმოდგენა არ მქონდა, ამ მდგომარეობით ცხოვრება როგორ უნდა გამეგრძელებინა.
ამასთან, იმ პერიოდში არანაირი ტერმინოლოგიაც არ ვიცოდი, არც ჩემი უფლებების შესახებ მქონდა ინფორმაცია. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ახლა უკან არის… დაბრკოლებამ მომცა ბრძოლისუნარიანობა და სტიმული. ამით ჩემს გარშემო ადამიანებსაც დავეხმარე ჩემთან ერთად ებრძოლათ და გამომყოლოდნენ. ეტლიდან დანახული ცხოვრება განსხვავებულია, მაგრამ სწორედ მან მასწავლა, ვიყო ძლიერი და ცხოვრების ნებისმიერ გამოწვევას მედგრად და ღირსეულად შევხვდე… დიახ, ეტლმა უშიშარი ცხოვრება მასწავლა, თან, საინტერესოა, როდესაც სირთულეებს ნელ-ნელა ლახავ, არ ჩერდები. მთავარი ეს არის.
წარმატების ფორმულა
წარმატების ფორმულა ყველას ინდივიდუალური აქვს და არასდროს მიფიქრია, რა არის ჩემი წარმატების ფორმულა. წარსულის გარეშე არ არსებობს მომავალი, ის, რაც გამოვიარე, საძირკველია იმისა, რაც დღეს მაქვს. ასე რომ, ყველაფრის მიზეზი და სათავე ჩემი განვლილი ცხოვრებაა, რომელიც ჩემთან ერთად ასე მოდის და რამაც საკუთარი თავი უკეთ გამაცნო.
სპორტი თავისით მოვიდა- სპორტის სახეობაც თავად აირჩიეთ, თუ ის თქვენთან თავისით მოვიდა? “ხმალი”, რომლითაც ასპარეზობთ, რა არის თქვენთვის?
– ჩემთვის ჩვეულებრივი პროფესიაა. დილით რომ გავიღვიძებ, ვიცი, რომ სამსახურში, ანუ ვარჯიშზე უნდა წავიდე, შეჯიბრზე წასვლას კი მივლინებას ვეძახი. შეჯიბრი დიდი სტრესია, მაგრამ რომ იასპარეზებ, ან მოიგებ, ეს ყველაფერი გეხსნება. რაც შეეხება სპორტის სახეობას, შეიძლება ითქვას, რომ თავისით მოვიდა, ურთულესი სპორტია და მხოლოდ სახეობა არ არის. ფარიკაობამ კიდევ სხვა პიროვნებად ჩამომაყალიბა, უკეთეს ადამიანად და შემიცვალა მსოფლმხედველობა, დამოკიდებულება.
ჩვენი სპორტი ხელოვნებასთანაც ახლოა… ინტელექტიც გჭირდება. ძალისმიერი სახეობა არ არის, რაც უფრო გამჭრიახი ხარ, უკეთესად გამოგდის. მთელი სპორტი იმაზეა აგებული, როგორ მიუხვდე მოწინააღმდეგეს, რას აპირებს, რა მოძრაობას შემოგთავაზებს და მოგატყუებს. შენ სწრაფად უნდა გამოიცნო. მომწონს, რომ ცხოვრებამ შემაჩვია ყველაფერს რთულს. ყოველდღე ახალ-ახალი შტრიხების ათვისება მიწევს. საკუთარი საქმის სცენარისტიც ვარ და რეჟისორიც… წარმოიდგინეთ, ხასიათი და გარდერობიც კი შემიცვალა, კლასიკურ სამოსს ვეღარ ვეგუები.
– რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პრობლემები აქვთ ჯანმრთელობის კუთხით, ან ეტლით მოსარგებლეები არიან და ამის გამო დეპრესიაც აწუხებთ?
– დეპრესიისთვის დრო არ გვაქვს, დრო ძალიან ძვირფასია და მისი სასარგებლოდ არგამოყენება, დაუშვებელია. ის ნაყოფიერად უნდა გამოვიყენოთ. ამის გარეშე არაფერი გამოვა. შეიძლება სათქმელად მარტივია, გასაკეთებლად რთული, მაგრამ უნდა შევძლოთ. საკუთარი თავი არ უნდა შეგვეცოდოს, სანამ ეს არ გვეცოდინება, მანამდე გამოწვევებისთვის მზად ვერ ვიქნებით. მერე რა, რომ ცხოვრება ასეთ მდგომარეობაში გამყოფებს?! მერე რა რომ ფეხზე ვერ დავდივართ, ფეხზე მოსიარულეებს თავის პრობლემები აქვთ. ნუ მივცემთ საკუთარ თავს ჩაკეტვის უფლებას. ერთ წრეზე ტრიალი არაფრის მომცემია. მე დავძლიე დეპრესია და ვთქვი, რომ ჩემს არსებობას აზრი აქვს.
მნიშვნელოვანია, არ დაგთრგუნოთ ვიღაცის სიტყვებმა, ცრემლებმა, როდესაც თქვენი დანახვისას უჩნდებათ. იცოდეთ, რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანური, ბუნებრივი ემოციაა. დაგინახავს ახალგაზრდას ეტლით და ეცოდები, უკვირს. მიუხედავად ამდენი ინფორმაციისა, რომელზეც სულ ვსაუბრობთ, ასეთი მაგალითები მაინც არსებობს. მეტი მობილიზება და კონცენტრაცია საქმეზე და მიზანზე, რის მიღწევას თუ გაკეთებას აპირებთ. ნუ მივცემთ ადამიანებს საშუალებას, საკუთარი თანაგრძნობით დაგვჩაგრონ. მათ თავისი საქმე აკეთონ, ჩვენ – ჩვენი.
შეგვიძლია სოციუმის ღირსეული წევრები გავხდეთ. ნუ დავკარგავთ ამ საშუალებას. ტირილი, ქვითინი, გოდება, დეპრესია საკუთარი თავის გამო, იგივე ემოციებად დაგვიბრუნდება. ვეცადოთ, ნეგატივისგან გავითავისუფლოთ თავი. დავისახოთ კონკრეტული მიზანი, რომლის მიღწევაც შეიძლება. იცხოვრეთ, განვითარდით, ისიამოვნეთ და და გაუზიარეთ სხვებს საკუთარი გამოცდილება, – ამბობდა ირმა ხეცურიანი .