დიახ, ბრალდების მხარეს არ სურს ბიჭიკო პაიკიძე აქ იყოს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს, – ამის შესახებ კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელისა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ძებნაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბიჭიკო პაიკიძისა და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას პაიკიძე არ ესწრება, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფება და მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. სასამართლომ დღეს იმსჯელა, გაგრძელებულიყო თუ არა ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე მისი სასამართლო პროცესი.
„ბრალდების მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ბიჭიკო პაიკიძე საქართველოში არ დაბრუნებულიყო, მას პასპორტი გაუუქმეს“, – განაცხადა ჭკადუამ, რაზეც მას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ საპასუხო კითხვით მიმართა: „სცადა დაბრუნება და ხელი შეეშალა?“ თავის მხრივ, მოსამართლეს ჭკადუამ ასე უპასუხა:
„დიახ, მან ერთ-ერთ ქვეყანაში პასპორტი დაკარგა, ის საქართველოში იუსტიციის სახლს ელექტრონულად დაუკავშირდა, რათა ახალი პასპორტი აეღო, მან კანონით დადგენილი ყველა გზა გაიარა, როცა აღნიშნული პასპორტი მასთან მის მეუღლეს მიჰქონდა, ის საზღვარზე არ გაუშვეს და ეს პასპორტი ბატონი ბექა ხუნაშვილის [პროკურორი] წერილით გაუქმებულია. ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია მის მოქალაქეზე იზრუნოს, რა ტიპის დამნაშავეც არ უნდა იყოს ის. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ადამიანს საფრთხის ქვეშ აყენებენ. დიახ, ბრალდებას არ სურს ის აქ იყოს და ყველა კითხვას პასუხი გასცეს“, – განაცხადა ჭკადუამ.
მოსამართლე შვანგირაძის განმარტებით, ვინაიდან ბიჭიკო პაიკიძეზე ძებნაა გამოცხადებული, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპისთვის ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და სხდომა მისი მონაწილეობის გარეშე უნდა გაგრძელდეს.
მოსამართლემ დაკავებულებს ბრალდების შინაარსი განუმარტა და ჰკითხა, ცნობდნენ თუ არა ისინი თავს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ. დაკავებული პირებიდან ერთადერთმა – კომპანია B.P. TRANS- ის დირექტორმა ვალერიან კვარაცხელიამ ბრალდება აღიარა. მოსამართლის კითხვაზე, სრულად ცნობდა თუ არა ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ, მან უპასუხა, რომ „დიახ“. აღნიშნული პოზიცია კვარაცხელიამ პირველად სწორედ დღევანდელ სხდომაზე დააფიქსირა.
რაც შეეხება ბიჭიკო პაიკიძეს, იოსებ ჭანჭალეიშვილს, როინ ფოფხაძეს, გიორგი კვახაძესა და ირაკლი გალოგრეს, ისინი ბრალდებას არ აღიარებენ.
ცნობისთვის, ბრალდებულებს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელებულ ქმედებებს ედავებიან. კერძოდ, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100% წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორის ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომლის, იოსებ ჭანჭალეიშვილის დახმარებით, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების – როინ ფოფხაძის, გიორგი კვახაძისა და ირაკლი გალოგრეს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას – 4 184 249 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.
კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომპანიის დირექტორს ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომელს იოსებ ჭანჭალეიშვილს, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერებს – გიორგი კვახაძეს, როინ ფოფხაძესა და ირაკლი გალოგრეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლებაში დახმარებას გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




