„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.
„სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!“, – აცხადებს ირმა ინაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვინაიდან სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.