საქართველოს პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით Facebook-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს. ინაშვილის თქმით, ის ერთ-ერთია, ვინც სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებას შესწირა.
“დღეს ძალიან აგორდა თემა, რატომღაც, წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით, რომელიც დაბრძანებულია სამების ტაძარში. ჩვენ შევწირეთ სამების ტაძარს ეს ხატი. საოცარ კომენტარებს ვკითხულობ. ადამიანებს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ არიან განათლებულები, დასწავლულები, რელიგიური თვალსაზრისით უზომოდ განვითარებულები, ფლობენ ინფორმაციას, აი, სწორედ ამ ადამიანებს მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო. სრული გაუნათლებლობის და სიბნელის ზეიმია რასაც ახლა მე თვალს ვადევნებ და ვეცნობი მათ კომენტარებს…
…კიდე ერთხელ ვამბობ, ისეთი ხატწერა შექმენით, თქვენ რომ გინდათ. ილია ჭიღლაძე და პეტრე აფერისტი გამოსახეთ ხატებზე და ილოცეთ ბატონო. თქვენ თქვენი კერპები გყავთ და იმათ დაუნთეთ სანთელი. ჩვენ დაგვანებეთ თავი, რომლებსაც გვჯერა კიდეც, რომ წმინდა მატრონა დიდი წმინდანია და ვლოცულობთ კიდეც და სანთელსაც ვანთებთ და ძალიან კარგად გვესმის რატომ არის ერთ-ერთ ეპიზოდში სტალინი გამოსახული ამ ხატზე…
…რას ვიზამთ, ასეთი ეპოქაა, ასეთ ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება, რომ სულ თავი უნდა იმართლოს ჩვენნაირმა ხალხმა და სულ უნდა ვიყოთ თავის მართლების რეჟიმში, თურმე. არ ვაპირებთ თავის მართლებას, არაფერი არა გვაქვს თავის სამართლებელი. ჩვენ შევწირეთ ეს ხატი სამების ტაძარს…
…ეს უაზრო დისკუსია, ახლა სწორედ შობის დღეს რომ არის გაჩაღებული, ესეც ეტყობა ძალიან სიმბოლურია. ეკლესიის მტრები, როგორც წესი, სწორედ ესეთ მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულებზე აინთებიან და აფეთქდებიან ხოლმე. გვესმის ჩვენ ეს, ჩვენ რელიგიურად ვუყურებთ სწორედ ამ ყველაფერს და გვესმის, რატომ ხდება ეს ყველაფერი”. – ამბობს ინაშვილი ვიდეოში.
საკითხთან დაკავშირებით დამოუკიდებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კიდევ ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა, ვისი თქმითაც, სტალინის გამოსახულებიანი ხატი სამებას მან შესწირა.
“სამების საკათედრო ტაძარში არის წმინდა დედა მატრონას დიდი ხატი, რომელიც ნამდვილად მე შევწირე… ვინმე ჭიღლაძე, რომელიც თავის თავს დეკანოზს ეძახის და დეკანოზი კი არა, ერთი ყოვლად უზნეო და უბრალოდ გახრწნილი კაცია. ვინმე ჭიღლაძის დაწერილ ტექსტებზე არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციების აგება.
მასე დიოკლეტიანეც არის გამოსახული წმინდა გიორგის ხატზე, დამარცხებული დიოკლეტიანე, რა ვქნათ, წმინდა გიორგის ხატები მოვხსნათ?.. ხატზე გამოხატვა სტალინის, არც დანაშაულია, არც არავითარ ნეგატიურ მნიშვნელობას არ ატარებს”. – ამბობს თარხან-მოურავი.
6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებულ წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.
საკითხთან დაკავშირებით ტაბულასთან კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ. მისი თქმით, ხატზე იოსებ სტალინის გამოსახულების თემა შობის დღესასწაულის გადასაფარად წამოწიეს.
კომენტარი გააკეთა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმაც და თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი უკვე რამდენიმე თვეა სამებაშია.