“საპროტესტო აქციებმა საქართველოს ყველა დიდი ქალაქი მოიცვა: თბილისიც, ქუთაისიც, ბათუმიც, ზუგდიდიც, თელავიც, მოკლედ, ყველას ვერ ჩამოვთვლით.
ქუჩაში ყველა ასაკის ადამიანი დგას. 15 წლის მოზარდიც, 25 წლის ახალგაზრდაც, შუახნის კაციც და ასაკოვანიც!
ვხედავთ ყველა პროფესიის ხალხს: მსახიობსაც, ექიმსაც, მხატვარსაც, მასწავლებელსაც და ინჟინერსაც. მოკლედ, ყველას!
აქციებში მონაწილეობენ საჯარო მოხელეებიც, მათი შვილები და თავად პოლიციის თანამშრომლების შვილებიც კი.
საზოგადოებაში მწვავე დაპირისპირებაა. მეტიც, უკვე ზიზღია, ხელჩართული ჩხუბია, დაუნდობლობაა. ცხადია, არიან პროვოკატორებიც. თუმცა, არიან ბრიყვებიც, თავისი ქმედებებით პროვოკატორზე უარესს რომ სჩადიან.
დუღილის ტემპერატურა დღითიდღე იზრდება. ვშიშობ, ვითარება უმართავი გახდება და ამ უმართაობას ვეღარაფერი ჩააქრობს.
გინდა, თუ არ გინდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ქართული ოცნება იქნება!
მკაფიოდ ვამბობ: კომპრომისი უნდა მოიძებნოს და პირადად მე ვთვლი, რომ ეს კომპრომისი ახალი არჩევნებია!
აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რომ უარყოფით შედეგს… უკიდურესად უარყოფით შედეგს მოიტანს ძალადობა დემონსტრანტზეც, პოლიციელზეც, პოლიტიკოსზეც, ჟურნალისტზეც, საჯარო მოხელეზეც და რიგით მოქალაქეზეც!
წლებმა დაგვანახა, რომ ნებისმიერი ძალადობა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რიგებს ზრდის. იმისდა მიუხედავად, დამნაშავეა თუ არა ხელისუფლება. მეტიც, საზოგადოების წევრები, რომლებიც ძალადობრივ ფაქტს იწონებენ, მოკლე ხანში ძალადობის ამავე ფაქტს ემიჯნებიან და გმობენ!
ტრაგიკული რეალობაა, რომ ქვეყანა ფაქტობრივად საერთაშორისო იზოლაციაშია, ნუთუ, ამას ვერ ვხედავთ?!
ვფიქრობ, ლიბერალ ბაიდენსაც და კონსერვატორ ტრამპსაც უკვე აჩვენეს ექსპრემიერ გიორგი გახარიას კადრები ბათუმის “შერატონში“. როგორ ფიქრობთ, რა განწყობას შეუქმნის ეს მსოფლიო ლიდერებს?” – წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი.