ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა მემარცხენე შეხედულებების მქონე პოლიტიკოსმა, კეტრინ კონოლიმ – რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იყრიდა კენჭს. არჩევნების საბოლოო შედეგი ჯერჯერობით არ არის დათვლილი, თუმცა წინასწარი მონაცემებით კონოლი თითქმის ორჯერ უსწრებს თავის ერთადერთ მეტოქეს – მმართველი პარტია “ფინე გელის” კანდიდატ ჰეზერ ჰემფრის.
წინასწარი მონაცემებით, კონოლი იღებს ხმათა 60 პროცენტზე მეტს, ჰემფრისი – 30 პროცენტზე ნაკლებს. დანარჩენი ხმები ერგო არჩევნებიდან მოხსნილ ჯიმ გევისს, ამომრჩეველთა დაახლოებით 10-მა პროცენტმა ბიულეტენები განზრახ გააფუჭა – როგორც წესი, ესენი არიან მემარჯვენე შეხედულებების მოქალაქეები, რომლებსაც არ მოსწონთ ქვეყნის მიგრაციული პოლიტიკა და ვერ ხედავენ მათთვის მისაღებ კანდიდატს.
68 წლის კონოლის მხარს უჭერდა შვიდი ოპოზიციური პარტიის კოალიცია, რომელსაც ხელმძღვანელობს უმსხვილესი მემარცხენე ძალა “შინ ფეინი”. ანალიტიკოსების შეფასებით, რიგ საკითხებთან მიმართებით კონოლის პოზიციები ბევრად უფრო რადიკალურად მემარცხენეა, ვიდრე ევროპული პოლიტიკის მეინსტრიმული ძალების. იგი, მათ შორის, აკრიტიკებს ევროკავშირის გადაიარაღების გეგმას, უკრაინისთვის საომარი დახმარების გაწევას, მწვავედ აკრიტიკებს აშშ-ს, ნატოს და ისრაელს, ღაზაში მისი ომის გამო.
ირლანდიაში პრეზიდენტს უწინარესად ცერემონიული ფუნქციები აქვს და მთავრობის პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენს. კაბინეტის ხელმძღვანელმა, მიჰოლ მარტინმა კონოლის გამარჯვება მიულოცა და მასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.




