ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს

საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, ირლანდიის ეროვნულ გუნდში რამდენიმე თვე ეპატიჟებოდნენ. რადგან სფფ-სთან კონტრაქტითაა დაკავშირებული, მოცდა ამჯობინეს, დროებით დამრიგებელად ჯონ ო’ში დანიშნეს, მაგრამ როგორც ჩანს, ლოდინით დაიღალნენ და იმედიც გადაეწურათ.
ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია საიტით იტყობინება, რომ ნაკრები 57 წლის ისლანდიელ ჰეიმირ ჰადლგრიმსონს ჩააბარეს, რომელიც გუნდს ერთა ლიგისთვის და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოამზადებს.
ჰადლგრიმსონი 2016-2018 წლებში თავისი ქვეყნის ნაკრებს ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ისტორიაში ფიფას რეიტინგში ყველაზე მაღალ საფეხურზე ავიდა (18). 2016 წელს ევროპირველობაზე ინგლისს სძლიეს და
მეოთხედფინალში გავიდნენ, 2018 წელს კი პირველად მიიღეს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა.
2018-2021 წლებში ის კატარის „ალ არაბის“ წვრთნიდა, ხოლო 2022-2024 წლებში – იამაიკის ნაკრებს.