ირლანდია, ესპანეთი და ნორვეგია პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას აპირებენ

ირლანდია, ესპანეთი და ნორვეგია ამბობენ, რომ 28 მაისს პალესტინელთა სახელმწიფოს აღიარებას ოფიციალურად გამოაცხადებენ. მათი თქმით, იმედოვნებენ, რომ სხვა დასავლური სახელმწიფოებიც მსგავს ნაბიჯებს გადადგამენ. ისრაელმა ამ ქვეყნებიდან ელჩები გაიწვია.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ღაზაში “ჰამასის” წინააღმდეგ მიმდინარე ომში ცეცხლის შეწყვეტის ძალისხმევის დაჩქარებისთვისაა გამიზნული.
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი აღიარება და ჩვენი მიზეზები წვლილს შეიტანს იმაში, რომ სხვა ქვეყნებიც მიჰყვნენ ამ გზას, რადგან რაც უფრო მეტნი ვიქნებით, მეტი ძალა გვექნება, რომ მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, “ჰამასის” მიერ მძევლების გათავისუფლებას, და პოლიტიკური პროცესის თავიდან დაწყებას, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს სამშვიდობო შეთანხმებამდე”, – თქვა სანჩესმა ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატისადმი მიმართვისას.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა სიმონ ჰარისმა კი გადაწყვეტილების თაობაზე დუბლინში, პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მან თქვა, რომ ირლანდია ცალსახად აღიარებს ს არსებობის უფლებას “უსაფრთხოდ და მშვიდობიანად მის მეზობლებთან” და კიდევ ერთხელ მოუწოდა ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებისკენ.
ნორვეგიის პრემიერმა კი თქვა, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა და “ორი სახელმწიფოს” პრინციპი შეიძლება იყოს მშვიდობისა და უსაფრთხოების მომტანი.