ირლანდიაში სექსუალური ექსპლუატაციით დაზარალებულ ქალთა რაოდენობა თითქმის 30%-ით გაიზარდა

საქველმოქმედო ორგანიზაცია „რუჰამა“ აცხადებს, რომ გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 30%-ით მეტ ქალს გაუწია დახმარება, რომლებიც პროსტიტუციისა და სექსუალური ტრეფიკინგის სხვა ფორმების შედეგად დაზარალდნენ.
ეს ორგანიზაცია ირლანდიაში კომერციული სექსუალური ექსპლუატაციით დაზარალებულ ქალებთან მუშაობს.
2023 წლის ანგარიშში „რუჰამამ“ სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთა 29%-იანი ზრდა დააფიქსირა.
ორგანიზაციის განცხადებით, გასულ წელს ტრავმატოლოგიისა და საკონსულტაციო სამსახურებს სექსუალური ძალადობის ნიადაგზე დაზარებული 108 ადამიანი დაუკავშირდა, რაც 32%-ით მეტია, 2022 წელთან შედარებით.
მის სერვისებზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, „რუჰამამ“ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თავისი სტრატეგიული გეგმაც წარმოადგინა.
მასში ნათქვამია, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია აპირებს, მომდევნო ხუთ წელიწადში „თავისი სერვისების არეალი კიდევ უფრო გააფართოვოს“.
კომპანია ამის გაკეთებას გეგმავს დუბლინში, ლიმერიკში, შუა დასავლეთში, ცენტრალურ რეგიონებსა და კორკ/კერის რაიონში, იქ ამჟამად უკვე არსებული დაწესებულებების გაფართოების გზით.
„მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში „რუჰამას“ ყურადღების ცენტრში პორნოგრაფიასა და ადამიანებით ვაჭრობა/სექსუალურ ექსპლუატაციას შორის არსებული მავნე კავშირების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაც იქნება“, – ამბობს საქველმოქმედო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ბარბარა კონდონი.
მისივე თქმით, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს „სექსუალური ექსპლუატაციის თავიდან ასაცილებლად და ქალებისა და გოგონების სექსუალური ძალადობისგან დასაცავად“.
„საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ქალებს პროსტიტუციისკენ უბიძგებს“, – მოითხოვს კონდონი.
„ამასთან, წინ უნდა აღვუდგეთ იმ მამაკაცებს, რომლებიც მზად არიან, სექსუალური აქტივობისთვის უკანონო ფულადი ანგარისწორება აწარმოონ“, – დასძინა მან.
„რუჰამას“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ სექსუალურ ძალადობასა და ექსპლუატაციას ქალების ჯანმრთელობისთვის უმძიმესი შედეგები მოაქვს, რომელთა გამოსწორება ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება“.
თავის მხრივ, ირლანდიის იუსტიციის მინისტრი, ჰელენ მაკენტი მიიჩნევს, რომ „თანამედროვე და ცივილიზებულ საზოგადოებაში ასეთი დანაშაულების ადგილი არ არის“.
მისივე შეფასებით, „რუჰამას“ საქმიანობის 2023 წლის ანგარიში ხაზს უსვამს „ორგანიზაციის მიერ გაწეული სერვისების უდიდეს მნიშვნელობას და ქალების რეალურ ცხოვრებაზე ამ სერვისების დადებით გავლენას“.
„სექსუალური ტრეფიკინგი და სექსუალური მომსახურების ყიდვა არის დანაშაული, რომელიც მოსახლეობის ყველაზე დაუცველ სეგმენტებზე ახდენს გავლენას“, – აღნიშნავს მინისტრი.
მაკენტის თქმით, ეს დანაშაულები ჩადენილია „ქალების სიცოცხლის, ღირსების ან მათი ყველა ძირითადი უფლების პატივისცემის სრული იგნორირების ფონზე“.
ევროპარლამენტარი ფრენსის ფიცჯერალდიც, რომელიც „რუჰამას“ ახალ საპატიო ელჩად გამოცხადდა, ასევე ადასტურებს, რომ სექსუალური ექსპლუატაციისა და ქალებზე მისი გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლება „მეტად მნიშვნელოვანია“.