ირლანდიაში მიგრაციამ ბოლო 17 წლის მაქსიმუმს მიაღწია – CSO

ირლანდიაში მიგრაციამ ბოლო 17 წლის მაქსიმუმს მიაღწია – CSO
ქვეყნის ცენტრალური სტატისტიკური ოფისის (CSO) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ირლანდიაში მიგრაციამ ბოლო 17 წლის მაქსიმუმს მიაღწია: 12 თვეში (გასული წლის აპრილიდან მიმდინარე წლის აპრილამდე), ქვეყანაში 149 200 მიგრანტი ჩამოვიდა.
მონაცემების მიხედვით, მათგან 30 000 ირლანდიაში დაბრუნებული ამ ქვეყნის მოქალაქეა, 27 000 – ევროკავშირის სხვა ქვეყნის მოქალაქე, ხოლო 5 400 – დიდი ბრიტანეთის მოქალაქე.
დანარჩენი 86 800 მიგრანტი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე იყო.
ცენტრალური სტატისტიკური ოფისის ცნობით, ეს არის ზედიზედ მესამე 12-თვიანი პერიოდი, როდესაც ირლანდიაში 100 000-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.
ასევე ირკვევა, რომ ერთწლიან პერიოდში ირლანდია 10 600-მა ადამიანმა დატოვა, რათა ავსტრალიაში გადასულიყო საცხოვრებლად (გასულ წელს ეს მაჩვენებელი 4 700 იყო).
ამავე პერიოდში, დაახლოებით 15 200 პირი ირლანდიიდან საცხოვრებლად დიდ ბრიტანეთში წავიდა (2023 წელს – 14 600-დან), საპირისპირო მიმართულებით – დიდი ბრიტანეთიდან ირლანდიაში კი 20 500 ადამიანი ჩავიდა (2023 წელს – 18 400).
12 თვეში (2023 წლის აპრილიდან 2024 წლის აპრილამდე) ირლანდიიდან მიგრაციაში წავიდა 69 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში – 64 000.
ეს მიგრაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ.
ზემოთ მითითებულ პერიოდში ქვეყნის მოსახლეობის ბუნებრივმა ზრდამ 19 400 ადამიანი შეადგინა (54 200 ახალშობილი და 34 800 – გარდაცვლილი).
1tv.ge