– ირინა, თქვენთან ინტერვიუსთვის რომ ვემზადებოდი, მითხარით, სულ მგონია, იქ არ ვარ, სადაც უნდა ვიყოო. შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ, თქვენს თავთან დაკავშირებული რომელი იმედი დათმეთ?
– მარტივი მიზეზით ვფიქრობ, რომ იქ არ ვარ, სადაც უნდა ვიყო. შინაგანი ხმა ხშირად მეუბნება: „ეს შენი საქმე არ არის, თავი დაანებე და სხვა მიმართულებით წადი!“ ძალიან მჭირდება კრიტიკოსი, რომელიც მეტყვის: „ირინა, დაანებე თავი, რასაც აკეთებ.“ მაგრამ ჩვენს ქვეყანაში კრიტიკოსები თითქმის არ არსებობენ.
– საკუთარი თავი რაიმე კონკრეტულს გკარნახობთ „სხვა მიმართულებასთან“ დაკავშირებით?
– ზუსტად ვიცი, ჩემი საქმე რა იყო და რას ავცდი, როცა საგამომცემლო საქმიანობაში გადავედი. კომპრომისზე წავედი იმის გამო, რომ თავი მერჩინა. ფოტოგრაფმა როგორ უნდა ირჩინოს თავი საქართველოში, არც კი ვიცი – თუ გამომცემლობებთან და სააგენტოებთან არ აქვს ურთიერთობა.
– წიგნებს რომ გამოსცემთ, ეს იყო კომპრომისი, თქვენი მხრიდან?
– დიახ. თუმცა, შესაძლებელია, ისეთ წიგნებზე იმუშაო, რომლებიც ნამდვილად გაინტერესებს. მაგალითად, ახლა ძალიან მაინტერესებს დიქტატორების არქიტექტურა – ჰიტლერის, ფრანკოს, მუსოლინის… ბერლინის ტემპელჰოფის აეროპორტი გადავიღე, მერე გამოფენაც მქონდა. რომ დავდიოდი და ვიღებდი, გერინგის ხმა მესმოდა ყურებში.
– დიქტატორების არქიტექტურა იყო პირველი იდეა, რომელიც წიგნთან დაკავშირებით გაგიჩნდათ?
– არა, იმის თქმა მინდა, რომ ასეთი თემები მაინტერესებს. ჩემი ნებისმიერი წიგნის იდეა, კონცეფცია, ფოტო, დიზაინი – ყოველთვის ჩემია იმიტომ, რომ ეს საქმეს მიმარტივებს. პირველი წიგნის ისტორია კი სულ სხვაა.
– გვიამბობთ?
– სიმართლე გითხრათ, 2008 წელს გადაწყვეტილი მქონდა საქართველოდან წასვლა. მეუბნებოდნენ: „ირინა, დაიღუპები! წარმოუდგენელი შრომა მოგიწევს!“ ვფიქრობდი: „რატომ დავიღუპები?! შრომისთვის მზად ვარ. მთავარია, ფეხზე დავდგე.“ იმ პერიოდში პარიზში მქონდა გამოფენა და ბევრი შატო მოვიარე, რომლებიც მეღვინეობასთან იყო დაკავშირებული. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ქვეყნის მეღვინეობით უნდა დავინტერესებულიყავი. პირველი, ვინც ჩემი ყურადღება მიიქცია, ზაქარია ჯორჯაძე იყო.