ირან-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობა „კავკასიაში გარე ძალების ჩარევის წინააღმდეგ“ თანამშრომლობასაც მოიცავს

ირანისა და ს მიერ 17 იანვარს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, „სამხრეთ კავკასიაში გარე ძალების ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობას“ ითვალისწინებს.
დოკუმენტის მე-12 მუხლის თანახმად, „ხელშემკვრელი მხარეები ხელს შეუწყობენ მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას კასპიის ზღვის რეგიონში, ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში“.
ამასთან, ამავე პუნქტის თანახმად, ირანი და რუსეთი „ითანამშრომლებენ მითითებულ რეგიონებში მესამე ქვეყნების ჩარევისა და იქ მათი დესტაბილიზაციის გამომწვევი ყოფნის აღსაკვეთად“.
„ასევე, ითანამშრომლებენ აზრთა გაცვლა-გამოცვლაში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით“.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 17 იანვარს მოაწერეს ხელი შეთანხმებას „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ.
შეთანხმება, კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ყველა სფეროს, მათ შორის „თავდაცვას, კონტრტერორიზმს, ენერგეტიკას, ფინანსებს, ტრანსპორტს, მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, კულტურას, მეცნიერებასა და ტექნოლოგიას“ მოიცავს.
2001 წელს ირანის პარლამენტმა რუსეთთან ყოვლისმომცველი თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტი ძალაში იყო 20 წლის განმავლობაში და 2021 წელს ამოიწურა.
სამხრეთ კავკასიაში „გარე აქტორების“ ჩაურევლობა არის ერთ-ერთი ქვაკუთხედი 3+3 ფორმატისა, რომელსაც, ოფიციალური პოზიციით, საქართველო, – რუსეთის მიერ მისი ტერიტორიების ოკუპაციის პირობებში, – არ უერთდება.
ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნების“ დასავლური სამყაროსგან მზარდი იზოლაციისა და ანტიდასავლური პოლიტიკური ვექტორის ფონზე, ფორმატს შეუერთდეს.
2025 წლის 14 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა:
„ჩვენს ქართველ მეზობლებს მათთვის განკუთვნილი ადგილი [3+3 ფორმატში] ჯერჯერობით არ დაუკავებიათ, თუმცა ეს ადგილი მაგიდასთან, სადაც რეგიონის პრობლემების განხილვას ვაპირებთ, მუდამ ხელმისაწვდომი რჩება მათთვის“.
ფორუმი