ირანის ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია დემონსტრანტებისა და ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელთა შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ.
ირანში საპროტესტო გამოსვლები 28 დეკემბერს დაიწყო მაღალი ინფლაციისა და სხვა მწვავე ეკონომიკური პრობლემების გამო. ქუჩაში ჯერ მაღაზიების მფლობელები და სხვა მოვაჭრეები გამოვიდნენ. მათ 30 დეკემბერს სტუდენტები შეუერთდნენ. ანტისამთავრობო აქციებმა არაერთი ქალაქი მოიცვა.
ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებების და უფლებადამცველთა ჯგუფის, Hengaw-ის მიერ 1 იანვარს გავრცელებული ცნობებით, ლორდეგანში, ისპაანსა და აზნაში, საერთო ჯამში, შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, დაღუპულთა შორისაა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაახლოებული მოხალისეთა გასამხედროებული დაჯგუფების წევრი.
რადიო თავისუფლების ირანულმა სამსახურმა(Radio Farda) ამ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო.
ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა, რომელიც თეოკრატიული მმართველობის ფონზე შედარებით ზომიერ ლიდერად მიიჩნევა, განაცხადა, რომ ირანელების კანონიერ მოთხოვნებს აღიარებს და მთავრობას მოუწოდა, მიმართოს ზომებს ეკონომიკური სირთულეების შესამსუბუქებლად.
ირანში ინფლაცია 50%-ს აჭარბებს. მკვეთრად დაცემულია ეროვნული ვალუტის კურსი.
ირანის უსაფრთხოების ძალები მკაცრი ზომებით დაემუქრნენ საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს და მათ, ვინც სიტუაციას „ქაოსის შესაქმნელად იყენებს“. სააგენტო Tasnim-ის ცნობით, მხოლოდ დედაქალაქ თეირანში სულ მცირე 30 ადამიანი დააკავეს „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის“.
დღეს, 2 იანვარს რადიო თავისუფების ირანულმა სამსახურმა მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი ირანში მორიგი საპროტესტო გამოსვლების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ირანელები სამართლიანად არიან გაბრაზებული მთავრობის წარუმატებლობით.
კომენტარის თანახმად, ირანის რეჟიმი ათწლეულებია უგულებელყოფს ეკონომიკურ პრობლემებს, მილიარდობით თანხას ხარჯავს ტერორისტების მხარდაჭერისა და ბირთვული იარაღის შექმნასთან დაკავშირებული კვლევებისთვის და განაგრძობს ქვეყნის სიმდიდრის გაფლანგვას მსოფლიოში ტერორიზმის სპონსორობისთვის და ჩაგვრას ირანელი ხალხის, რომელსაც სურს უკეთესი ცხოვრება და ამას იმსახურებს. სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ გააგრძელებს ირანის რეჟიმზე მაქსიმალურ ზეწოლას.
ირანელმა პოლიტოლოგმა საედ გოლკარმა, რომელიც 2010 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს და ტენესის უნივერსიტეტის პროფესორია, სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ ირანში პროტესტის ახალი ტალღა ეკონომიკური სირთულეებითაა გამოწვეული, თუმცა, საფუძველია რეჟიმის რეპრესიები, მისი იდეოლოგიური პოლიტიკა და არაკომპეტენტურობა.
ცნობილმა ირანელმა უფლებადამცველმა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა(2003წ.) შირინ ებადიმ რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს 1 იანვარს განუცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლები აჩვენებს მკაფიო რეალობას, როცა ბევრმა ირანელმა გადაწყვიტა, რომ ამჟამინდელი მმართველობა ნებისმიერ ფასად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, სანამ მათი საყვარელი ქვეყანა უფრო მეტად დაინგრევა.
ირანში დეკემბრის ბოლოდან დაწყებული აქციები ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებისთვის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა 2022 წლის შემდეგ, როცა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ჰიჯაბის ტარების წესების დაარღვევისთვის თეირანის მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს პოლიციის განყოფილებაში.
ფორუმი




