ირანში ნატანზის ატომურ ობიექტზე ცენტრიფუგები, შესაძლოა, განადგურებული იყოს – IAEA

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად, ირანში ნატანზის ატომურ ობიექტზე მიწისქვეშა ცენტრიფუგები ძლიერ დაზიანდა და შესაძლოა, მთლიანად განადგურდა კიდეც.
ცენტრიფუგები ურანის გამდიდრების პროცესში უმნიშვნელოვანესი მოწყობილობებია.
გროსის თქმით, ირანის ბირთვული გამდიდრების ობიექტზე ცენტრიფუგები მიწისქვეშაა განთავსებული და რაკეტები მას პირდაპირ არ მოხვედრია. მისი თქმით, ცენტრიფუგების დაზიანება, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის გათიშვის შედეგი იყო.
როგორც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, ობიექტის მიწისზედა ნაწილი ისრაელის თავდასხმების დროს მთლიანად განადგურდა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ისპაჰანში ბირთვული ცენტრიც დაზიანდა, ოთხი შენობა ნაწილობრივ განადგურდა. ფორდოუში ურანის გამდიდრების ობიექტი არ დაზიანებულა.
14 ივნისს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ნატანზის ობიექტზე რადიოლოგიური და ქიმიური დაბინძურების შესახებ განაცხადა, თუმცა ქარხნის გარეთ რადიაციის დონე ნორმის ფარგლებში დარჩა.
ისრაელმა 13 ივნისს განაცხადა, რომ ირანში დაიწყო საჰაერო და სადაზვერვო ოპერაცია სახელწოდებით „გამოღვიძებული ლომი“, რომლის მიზანსაც ირანის ბირთვული და სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება წარმოადგენდა.
საპასუხოდ, ირანმა ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით შეუტია ისრაელს.
ირანისა და ისრაელის ჯანდაცვის უწყებების ინფორმაციით, ირანში, საომარი მოქმედებების დაწყებიდან სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა, ისრაელში კი — 24.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)