ირანში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დააკავეს

ირანში მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დააკავეს
ირანელი აქტივისტი და 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ნარგეს მოჰამადი ხელისუფლებამ აქციის დროს დააკავა. მასთან ერთად, რამდენიმე სხვა აქტივისტიც დააპატიმრეს.
მომხდარის შესახებ თავად ნარგეს მოჰამადის ფონდი იუწყება.
„ნარგეს მოჰამადის ფონდმა მიიღო სარწმუნო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ხოსრო ალიქორდის გარდაცვალების მეშვიდე დღეს გამართული მისი ხსნოვნისთვის პატივის მიგების ცერემონიის დროს, უსაფრთხოების ძალებმა და პოლიციამ ნარგეს მოჰამადი ძალის გამოყენებით დააკავეს“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
2024 წლის დეკემბრიდან, ნარგეს მოჰამედი, სამედიცინო მიზეზების გამო, პრობაციაზე იმყოფებოდა.
მისმა ფრანგმა ადვოკატმა, შირინ არდაკანიმ ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატის დაკავების ფაქტი სააგენტო „ფრანს პრესთან“ საუბრისას, ასევე სოციალური მედიის საშუალებით დაადასტურა.
„ჩემი კლიენტი (…), სხვა აქტივისტებთან ერთად, დაახლოებით ერთი საათის წინ ირანის უსაფრთხოების ძალებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც მან სიტყვა ითხოვა და ხოსრო ალიქორდის საეჭვო გარემოებებში გარდაცვალება დაგმო“, – დაწერა ადვოკატმა „ინსტაგრამზე“.
ფონდი აცხადებს, რომ დაკავება ცნობილ ირანელი უფლებადამცველი ადვოკატის, ხოსრო ალიქორდის გარდაცვალებიდან მეშვიდე დღეს, მისი ხსოვნისდამი მიძღვნილი ცერემონიის დროს მოხდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი ირანში“ აცხადებს, რომ ხოსრო ალიქორდი „საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა“. ადვოკატის ცხედარი 8 დეკემბერს მისსავე ოფისში იპოვეს. პროვინცია რაზავი ხორასანის ოფიციალურმა პირებმა სიკვდილის მიზეზად მაშინვე „გულის შეტევა“ დაასახელეს.
„ადამიანის უფლებათა ცენტრი ირანში“
ნარგეს მოჰამედი ხოსრო ალიქორდის მშობლიურ ქალაქ მეშჰედში დააკავეს, რომელიც თურქმენეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მას 2023 წელს „ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისთვის“ მიენიჭა.
წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”