ირანში დაღუპული პრეზიდენტის ხსოვნის ცერემონიები იმართება

ათასობით ირანელი შეიკრიბა ქალაქ თავრიზში 21 მაისს, რათა ეგლოვათ ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, რომელიც 19 მაისს თავის საგარეო მინისტრთან და კიდევ სხვა შვიდ ადამიანთან ერთად დაიღუპა ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მეზობელი აზერბაიჯანის საზღვართან.
სახელმწიფო ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა სამგლოვიარო ცერემონიის კადრებს. ბევრი მონაწილე გულზე მჯიღს ირტყამდა, თეთრი ყვავილებით შემკული მანქანა კი ნელა მიდიოდა ხალხს შორის და მიჰქონდა სახელმწიფო დროშებშემოხვეული კუბოები.
“ყველა მოვიდა გარდაცვლილი პრეზიდენტთან და მის კოლეგებთან გამოსამშვიდობებლად…”, თქვა თავრიზის დეპუტატმა, მასუდ ფეზეშქიანმა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ტელევიზია თავრიზში დიდი რაოდენობით ხალხის თავმოყრის შესახებ იტყობინებოდა, ზოგიერთი მიმომხილველი ხედავს მკვეთრ განსხვავებას რაისის გამო გლოვას და წარსულში გარდაცვლილი სხვა მაღალი თანამდებობის პირების სამგლოვიარო პროცესიებს შორის, ისლამური რესპუბლიკის 45-წლიანი ისტორიის მანძილზე. ირანმა რაისის გარდაცვალების გამო ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.
მაგრამ ნაკლებად გაისმა ემოციური სიტყვები, რომლებიც თან სდევდა ყასემ სულეიმანის, ელიტური “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” მეთაურის, სიკვდილს, რომელიც 2020 წელს ამერიკულმა რაკეტამ მოკლა ერაყში, და რომელიც უფრო ხმამაღლა იგლოვეს.
რაისის ცხედარი თავრიზიდან – ავიაკატასტროფის ადგილთან უახლოესი ქალაქიდან, თეირანში გადააფრინეს, სანამ შიიტი მუსლიმების წმინდა ქალაქ ყუმში გაემართებოდნენ. ყუმიდან ცხედარს კვლავ თეირანში დააბრუნებენ და დაასვენებენ თეირანის მოსალას დიდ მეჩეთში, შემდეგ კი გადაასვენებენ თავის მშობლიურ ქალაქ მაშაჰდში, ირანის აღმოსავლეთში, და იქვე დაკრძალავენ 23 მაისს.
მგლოვიარეებს ხელში ეჭირათ პლაკატები – რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის, თავრიზის იმამის და ავიაკატასტროფაში დაღუპული სხვა ოფიციალური პირების გამოსახულებებით.
ებრაჰიმ რაისის მიიჩნევდნენ ალი ხამენეის პროტეჟედ და მის პოტენციურ მემკვიდრედ ისლამური რესპუბლიკის შიიტურ თეოკრატიაში.
მკაცრი კურსის მიმდევარი, 63 წლის რაისი ირანის პრეზიდენტი იყო 2021 წლის აგვისტოდან. მანამდე ხელმძღვანელობდა ირანის სასამართლო ხელისუფლებას და გენერალურ პროკურატურას. ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქცირებული იყო -ის და ევროკავშირის მიერ. მას ჰქონდა მეტსახელი – „თეირანის ჯალათი“ – 1988 წელს პოლიტპატიმრების მასობრივ სიკვდილით დასჯაში მონაწილეობის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – „რესპუბლიკურ“ და „დემოკრატიულ“ პარტიებს, „ქართული ოცნებაზე“ ერთნაირი პოზიცია აქვთ – ქართველი ხალხის მხარდაჭერა მკაფიოდ დაფიქსირდება 26 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება