ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიის დღევანდელი შეტევის შედეგად დაიღუპა კორპუსის მეთაური, გენერალი ჰოსეინ სალამი.
BBC-ს ცნობით, გუშაგთა კორპუსის განცხადებაში, რომელიც ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ ისრაელის მოქმედება უპასუხოდ არ დარჩება და მას შურისძიება ელოდება.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ისრაელის დარტყმების შედეგად, სავარაუდოდ, დაიღუპა ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამად ბაღერიც.
დღეს, 13 ივნისს გამთენიისას ისრაელის თავდაცვის არმიამ ირანზე იერიში მიიტანა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დაარტყეს „ირანის ბირთვული პროგრამის გულს“ – ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.
თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ოპერაციას „პრევენციული“ უწოდა.
გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის არმია ირწმუნება, რომ ირანს აქვს საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი, რათა უახლოეს დღეებში შექმნას 15 ბირთვული ბომბი, ამიტომ ისრაელს ამ საფრთხის წინააღმდეგ ზომების მიღება დასჭირდა.
ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელმა თეირანის და სხვა ქალაქების საცხოვრებელ რაიონებს დაარტყა. სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა აფეთქებები ნათანზში, ურანის გამამდიდრებელი ცენტრის რაიონში.
ირანმა თავისი საჰაერო სივრცე დახურა.
ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს მკაცრი პასუხით დაემუქრნენ.
ფორუმი
