ირანული რაკეტები ისრაელის თავზე – თელ-ავივისა და სხვა დიდი ებრაული ქალაქების ცა ირანული რაკეტების კვალმა დაფარა. დახურულია ისრაელის საჰაერო სივრცეც.
ასეთივე სიტუაციაა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზეც, პალესტინის ადმინისტრაციის მიმართულებაზე, სადაც ებრაული ახალშენები მდებარეობს. მუშაობს ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. ირანმა ტალღებად გაუშვა ბალისტიკური რაკეტები. ისრაელის საჰაერო სივრცეში აფეთქებების ხმა ისმის. ამასობაში იორდანიამ საჰაერო სივრცე დახურა, ისევე როგორც ერაყმა და სირიამ. ირანი ცდილობს ძალის დემონსტრირება ანახოს ისრაელს, აშშ-სა და თავის მოკავშირეებს და ამით შეინარჩუნოს სახე. მიუხედავად იმისა, რომ ებრაული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები მუშაობს, ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება ძალიან რთულია, რადგან ის ატმოსფეროს მაღალი სიმაღლიდან მოწყვეტით ეცემა სამიზნეს. ეს ყველაფერი კი არამხოლოდ ლიბანში ბაზირებულ ირანის მოკავშირე ჰეზბოლას ხელმძღვანელობის განადგურებას, არამედ იმ ფაქტსაც უკავშირდება, რომ რამდენიმე საათის წინ ისრაელის პრემიერმა ირანის რეჟიმის დამხობა იწინასწარმეტყველა, იმაზე მალე ვიდრე ამას მსოფლიო მოელისო. თან ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მოუწოდა წინააღმდეგობა გაეწიათ ირანული რელიგიური დიქტატურისათვის. აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა რომ ის ისრაელის გვერდითაა და ირანული რაკეტების განეიტრალების ბრძანება გასცა.
საინტერესოა იქნება თუ არა ისრაელის პასუხი ამ ყოველივეზე. და სად? და რა გვარი? ისრაელს კარგად ესმის, რომ ახლა ომი, ირიბად და გრძელვადიანად არამხოლოდ ჰეზბოლას ან ჰამასის, არამედ ირანის წინააღმდეგაც მიმდინარეობს, უბრალოდ მესამე ძალების მეშვეობით. მაგრამ ისრაელისათვის ნათელია, რომ ირანთან პირდაპირი ომი ძალიან ძვირი და რთული იქნება. თუმცა ახლა კრიტიკული მომენტია. ამიტომ ვნახოთ – ისრაელის მხრიდან საპასუხო დარტყმები ირანის მოკავშირე სახელმწიფოების ტერიტორიაზე იქნება, სადაც ირანული კონტინგენტია განთავსებული, თუ უშუალოდ ირანში. ან თუ საერთოდ იქნება საპასუხო ქმედებები. ეს ყველაფერი ისრაელის წინააღმდეგ მიყენებულ ზარალზე და ებრაულ მთავრობაზე იქნება დამოკიდებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ირანის მხრიდან მსგავსი ნაბიჯი მოსალოდნელი და შეიძლება ითქვას გარდაუვალიც კი იყო, რადგან ჰამასის ლიდერის მკვლელობაზე სრულმა უმოქმედობამ თეირანის პოზიციები ძალიან შეარყია ახლა კი ამ რაკეტების სროლით ირანი პოზიციების აღდგენას ცდილობს.