ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ თეთრ სახლს “ჰუსიტების” თაობაზე ირანთან კონფიდენციალური კომუნიკაცია ჰქონდა.
“[შეტყობინება] კონფიდენციალურად გადავეცით და დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად ვართ მომზადებულები”, – როგორც BBC იუწყება, უთხრა ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
პრეზიდენტმა ეს განცხადება 12-13 იანვარს იემენში “ჰუსიტების” ობიექტებზე იერიშების მიტანის შემდეგ გააკეთა.
12 იანვარს გამთენიისას აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ მასშტაბური შეტევა მიიტანეს “ჰუსიტების” 30-მდე ობიექტზე, რასაც აშშ-ს კონგრესში ბაიდენის მიმართ კრიტიკა, “ჰუსიტებისგან” და ირანისგან მუქარა, იემენში კი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. 13 იანვრის ღამეს ახალი დარტყმები განახორციელა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.
პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, ეს დარტყმები პასუხია ირანისგან მხარდაჭერილი ჰუსიტების შეტევებზე, რაც მათ 19 ნოემბრიდან მოყოლებული, წითელ ზღვაში ხომალდებზე განახორციელეს. აშშ-ს ინფორმაციით, “ჰუსიტებმა” 28-ჯერ მიიტანეს მიიტანეს მსგავსი დარტყმები გემებზე.
იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა გმობს “ჰუსიტებს”, რადგან ისინი რამდენიმეწლიანი სამოქალაქო ომის ფონზე ქვეყანას ისრაელ-ჰამასის კონფლიქტში ითრევენ.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა მედიასთან საუბრისას გამაფრთხილებელი შეტყობინებით მიმართა ირანს, რომ აღკვეთოს “ჰუსიტების” ქმედებები, რადგან მსოფლიოს “მოთმინება ეწურება”.
ირანი უარყოფს მონაწილეობას “ჰუსიტების” თავდასხმებში და დასავლეთის მხრიდან შეტევას დაჯგუფებაზე, იემენის ტერიტორიული მთლიანობის რღვევად მიიჩნევს.
“ჰუსიტები” იემენის უმცირესობაში მყოფი შიიტი მუსლიმების შეიარაღებული დაჯგუფებაა. ისინი, “ჰამასთან” და “ჰეზბოლასთან” ერთად, თავს მიიჩნევენ ირანისგან მართული “წინააღმდეგობის ღერძის” ნაწილად, რომელმაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ისრაელს, აშშ-სა და მთლიანად დასავლეთს.
“ჰუსიტები” იემენის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ. ღიად აცხადებენ, რომ ღაზის მხარდასაჭერად, გაანადგურებენ ისრაელისკენ მიმავალ გემებს. მათგან მომავალი საფრთხე იმდენად დიდია, ამ მთავარ სავაჭრო გზაზე გადამზიდმა კომპანიებმა ცურვა შეწყვიტეს, რასაც თავის მხრივ ეკონომიკური ზარალი მოჰყვა და გაჩნდა შიშიც, რომ ეს ნავთობზე ფასის ზრდას გამოიწვევს.
პარალელურად, ისრაელის მხრიდან დაბომბვა გრძელდება ღაზის სექტორში. “ჰამასის” დაქვემდებარებაში მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12 იანვარს 135 ადამიანი დაიღუპა.
13 იანვარს ათასობით ადამიანი პალესტინელების მხარდასაჭერად შეიკრიბა ლონდონში. ისინი ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ.