ირანის ისლამურმა რევოლუციურ გუშაგთა კორპუსმა ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო და სატვირთო გემების გადაადგილება სრულად დაბლოკა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის საზღვაო მისიის, Aspides-ის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელთა განცხადებითაც, ეკიპაჟებმა ირანული მხარისგან მიიღეს მკაცრი გამაფრხილებელი შეტყობინება შემდეგი შინაარსით – “არცერთ ხომალდს არ აქვს სრუტეში გავლის უფლება”.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ თეირანს საზღვაო ტრანზიტის შეზღუდვის შესახებ საჯარო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ფაქტი, რომელსაც ევროკავშირი ასაჯაროებს, აჩენს განცდას, რომ მალე ირანი გადაწყვეტილებას ოფიციალურად დაადასტურებს.
ცნობისთვის, ჰორმუზის სრუტე გლობალური ნავთობის მიწოდების მეხუთედს ატარებს და მისი გამოყენებით ქვეყნებს წიაღისეულ საწვავსა და გაზს სპარსეთის ყურის არაბული ყველა ქვეყანა, მათ შორის, საუდის არაბეთი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები იყენებენ. ირანის რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის ეს შეტყობინებები პირდაპირაა დაკავშირებული აშშ-სა და ისრაელის მიერ ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებთან, რომელთა საპასუხოდაც სტრატეგიული სრუტის ჩაკეტვით ირანი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ იმუქრებოდა.
ამასთან, მსოფლიოს წამყვანმა ნავთობკომპანიებმა და სავაჭრო ხომალდების მესაკუთრეებმა ჰორმუზის სრუტის გავლით ნედლი ნავთობისა და საწვავის გადაზიდვა დროებით შეაჩერეს. გადაწყვეტილება ირანზე ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმდინარე თავდასხმებსა და თეირანის საპასუხო ქმედებებს უკავშირდება. როგორც ირკვევა, უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებმა გემების უსაფრთხო ზონებში გაჩერების განკარგულება უკვე გასცეს, რაც სულ მცირე, რამდენიმე დღეს გასტანს.




