ირანმა მაჰსა ამინის სიკვდილის გაშუქებისთვის დაკავებული 2 ჟურნალისტი გაათავისუფლა

ირანმა მაჰსა ამინის სიკვდილისთვის 2022 წლის სექტემბერში დაკავებული 2 ქალი ჟურნალისტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, 31 წლის ნილუფარ ჰამედის და 36 წლის ელაჰე მოჰამადის საპატიმრო სასჯელი გასაჩივრებული აქვთ, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე ციხის გარეთ დარჩებიან.
ჰამედიმ, რომელიც რეფორმისტულ გაზეთ Shargh-ში მუშაობდა, მაჰსა ამინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია პირველმა გაავრცელა. მანვე გადაიღო ირანის “მორალის პოლიიციის” მიერ დაკავებული და გაურკვევლ ვითარებაში დაღუპული 22 წლის ქალის მამისა და ბებიის ფოტო და ინტერნეტში გამოაქვეყნა წარწერით: “გლოვის შავი კაბა ჩვენს ეროვნულ დროშად იქცა”.
მოჰამადი ასევე რეფორმების მომხრე გაზეთ Ham-Mihan-ში მუშაობდა. მან მაჰსა ამინის დაკრძალვა გააშუქა და აღწერა, როგორ იმეორებდა ასობით მგლოვიარე ქალი ირანში დაწყებული პროტესტის მთავარ ლოზუნგს: “ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება”.
ორი ჟურნალისტი მაჰსა ამინის დაღუპვასთან დაკავშირებული პროტესტის დაწყებიდან მალევე დააკავეს. მათ ბრალად დასდეს -ს მთავრობასთან თანამშრომლობა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ საიდუმლო გარიგება და 13 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ირანული სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტების გირაოს ოდენობა 200-200 ათასი დოლარია და მათ ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.
საპროტესტო აქციები ირანში 22 წლის მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. ის “მორალის პოლიციამ” მკაცრი წესების დარღვევის ბრალდებით დააკავა, პატიმრობისას კი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
პირველი საპროტესტო აქცია ამინის დაკრძალვის შემდეგ ქალაქ საყეზში გაიმართა, სადაც ქალებმა სოლიდარობის ნიშნად თავსაბურავები მოიხსნეს. საპროტესტო აქციაზე გამოსული ქალები თავიანთ ჰიჯაბებს იხსნიდნენ და ანადგურებდნენ, თმას საჯაროდ იჭრიდნენ და “თავისუფლების ცეკვას” ასრულებდნენ.