ისრაელის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა და 67 დაშავდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ირანული ბალისტიკური რაკეტებით დარტყმა იყო ოთხ რაიონში, მათ შორის თელ-ავივში. ენერგოკომპანია Israel Electric Corporation-ის ინფორმაციით, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
აფეთქებები იყო ქალაქ ხაიფაშიც. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ირანის სარაკეტო შეტევის სამიზნე იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.
ირანის მორიგ იერიშს წინ უძღოდა ისრაელის ავიადარტყმები ირანის აღმოსავლეთზე.
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
16 ივნისს, დილით ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმის შემდეგ დაღუპულია სულ მცირე 224 ადამიანი, რომელთა 90% სამოქალაქო პირი იყო და დაჭრილია 1481.
ისრაელის მონაცემებით, ირანის დარტყმების შედეგად დაიღუპა 20-მდე ადამიანი და 390 დაიჭრა.
ფორუმი
