ირანი ისრაელს უფრო მასშტაბური დარტყმებით დაემუქრა, თუ ის პასუხს გასცემს ირანის მიერ 1 ოქტომბერს განხორციელებულ შეტევას. ამის შესახებ, როგორც ტელეკომპანია CNN-ი და სააგენტო AP იუწყებიან, დღეს 2 ოქტომბერს განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მოჰამად ბაღერიმ.
ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან დღევანდელ ინტერვიუში ბაღერიმ თქვა, რომ ისრაელზე წინა საღამოს განხორციელებული სარაკეტო შეტევა მიმართული იყო მხოლოდ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ და თუ ისრაელი ირანს თავს დაესხმება, პასუხად მიიღებს გაცილებით დიდი ინტენსივობის შეტევას და ამჯერად სამიზნე იქნება ისრაელის მთელი ინფრასტრუქტურა.
ბაღერის მტკიცებით, 1 ოქტომბერსაც შეეძლოთ დარტყმა ისრაელის ეკონომიკის ობიექტებზე, თუმცა რაკეტებით შეუტიეს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ისრაელის დაზვერვის სამსახურის, მოსადის შტაბ-ბინას, საავიაციო ბაზებს, რადარებს და სატანკო დაჯგუფებებს.
ირანელი გენერლის განცხადებით, თეირანში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ თავშეკავება გამოიჩინეს, მაგრამ როცა ისრაელმა ლიბანში მოკლა ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალაც და სხვები, სიტუაცია აუტანელი გახდა.
ისრაელს თავდასხმაზე პასუხის შემთხვევაში შემდგომი ზომებით დაემუქრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩიც. მან დღეს დილით, სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ ირანის ქმედებები დასრულებულია თუ ისრაელის „რეჟიმი” არ გადაწყვეტს საპასუხო ზომების მიღებას. არაქჩის თანახმად, ამას ირანისგან უფრო გადამწყვეტი პასუხი მოჰყვება.
ირანმა ისრაელზე სარაკეტო შეტევა 1 ოქტომბერს, საღამოს მიიტანა, რასაც წინ უძღოდა ისრაელის განცხადება, რომ ლიბანის სამხრეთში სახმელეთო რეიდი დაიწყო ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ.
სხვადასხვა მონაცემით, ირანმა ისრაელს 180-დან 200-მდე რაკეტა ესროლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი და რამდენიმე დაიჭრა. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, დაზიანებულია ისრაელის არმიის ერთ-ერთი ავიაბაზა.
1 ოქტომბერს ღამით, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ განცხადა, რომ ირანის შეტევა ჩაშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილია. მან თავდაცვის ძალებს „შთამბეჭდავი მიღწევა“ მიულოცა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს.
ნეთანიაჰუს თქმით, ირანმა დაუშვა „დიდი შეცდომა“ და ამისთვის „გადაიხდის“. პრემიერ-მინისტრის თანახმად, ირანი ვერ ხვდება, რომ ისრაელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავის დაცვა და მტრების წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღება. „ჩვენ დავიცავთ ჩვენ მიერ დადგენილ წესს – ვინც არ უნდა დაგვესხას თავს, ჩვენ მას დავესხმებით“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის, დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, ირანული რაკეტების წინააღმდეგ ეფექტიანად იმუშავეს როგორც ისრაელის, ისე ამერიკულმა საჰაერო თავდაცვამ.
შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პეტ რაიდერის ცნობით, ისრაელზე ირანის შეტევის მოგერიებაში მონაწილეობდა ხმელთაშუა ზღვაში მყოფი ორი ამერიკული სამხედრო გემი. პენტაგონის შეფასებით, 1 ოქტომბრის შეტევა ორჯერ უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე ისრაელზე ირანის მიერ აპრილში განხორციელებული პირველი იერიში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელს სრული მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ მისი პირდაპირი მითითებით ამერიკელი სამხედროები აქტიურად დაეხმარნენ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემას. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ირანის აგრესიისგან ისრაელის დაცვა. ამასთან, ოსტინმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონი კვლავ ერთგულია დიპლომატიური გზების ძიების, რათა არ დაუშვან კონფლიქტის შემდგომი გაფართოება.
· ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა 2023 წლის ოქტომბრიდან, როცა ისრაელმა პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმის, ათასზე მეტი ადამიანის დახოცვისა და მძევლად აყვანის გამო ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში დიდი მსხვერპლის და ჰუმანიტარული კატასტროფის გამომწვევი სამხედრო ოპერაცია დაიწყო.
· ჰამასის მხარდამჭერია ჰეზბოლა, რომელიც წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს.
· ჰამასს და ჰეზბოლას მხარს უჭერს ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება.