ირანი ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან დადებულ შეთანხმებას აუქმებს

მას შემდეგ, რაც ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) თეირანს გამდიდრებულ ურანზე “ზუსტი ინფორმაციის” წარდგენა მოსთხოვა, ირანმა განაცხადა, რომ სექტემბერში IAEA-თან გაფორმებულ შეთანხმებას აუქმებდა, რომელიც სააგენტოს ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინსპექტირებას უფლებას აძლევდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, “ზუსტი ინფორმაციის” მოთხოვნის მხარდამჭერმა ქვეყნებმა “ირანის კეთილი ნებისა და ჩართულობის მიმართ უგულებელყოფა” გამოავლინეს და IAEA-სა და ირანს შორის თანამშრომლობა შეაფერხეს.
IAEA-ს დირექტორმა, გენერალმა რაფაელ მარიანო გროსიმ Associated Press-თან ინტერვიუში თქვა, რომ ირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამოქალაქო მიზნებისთვის არის, მაგრამ ინსპექტორებმა და დაინტერესებულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მშვიდობიანი მიზნებისთვის დიდი რაოდენობით გამდიდრებული ურანის წარმოება საჭირო არაა. როგორც გენერალმა აღნიშნა, ირანის მიერ შეგროვებული 60%-ით გამდიდრებული ურანი 10 ბირთვული ბომბის დასამზადებლად საკმარისია.
მანამდე, 18 ნოემბერს, -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ “ირანს შეთანხმების მიღწევა სურს. ვფიქრობ, მათ ძალიან სჭირდებათ შეთანხმება, რისთვისაც მზად ვარ და მათთან დიალოგი გვაქვს.”
ცნობისთვის, 20 ნოემბერს -ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 17 ერთეული, ფიზიკური პირი და ხომალდი დაასანქცირა, რაც თეირანისთვის იმ შემოსვლის წყაროს გადაჭრას ემსახურება, რომლითაც ირანი საკუთარ ბირთვულ პროგრამას აფინანსებს.
ამასთან, სანქციები შეეხება სხვადასხვა იურისდიქციაში მყოფ პირებს, რომლებიც შენიღბვითა და მოტყუებით ტვირთავენ და გადააქვთ ირანული ნავთობი კლიენტებზე გასაყიდად.
“აშშ გააგრძელებს მოქმედებას საზღვაო სერვისების მიმწოდებლების, ბნელი ფლოტის ოპერატორებისა და ნავთობპროდუქტებით მოვაჭრეთა ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ ირანული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვაში.” – წერია განცხადებაში.
პარალელურად, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი დამატებით გადამზიდ ქსელებს ასანქცირებს, რომლებიც ირანის რეჟიმის დასაფინანსებლად არალეგალურ სანავთობო სქემებში მონაწილეობენ. სანქციები ასევე შეეხება ერთ-ერთ ავიაკომპანიასა და მის შვილობილ კომპანიებს, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილ ტერორისტულ ჯგუფებს იარაღით ამარაგებენ.
tabula.ge

ასევე დაგაინტერესებთ