ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა პრეზიდენტ რაისის დაღუპვა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი დაიღუპნენ. პრეზიდენტის სიკვდილი დაადასტურა ირანის ვიცე-პრეზიდენტმა.
ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ სულ მცირე 6 პირი იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად. დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან – ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ირანის პრეზიდენტი რაისი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიაში.
ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. სააგენტოTasnim-ის ცნობით, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იყვნენ პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი, ქალაქ თავრიზის იმამი და პრეზიდენტის დაცვის უფროსი. ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ ორი პილოტი და ტექნიკოსი.
ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა. ძლიერი ნისლის გამო გართულებული იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც. მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის რაიონამდე დღეს, 20 მაისს მიაღწიეს.
· 63 წლის ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტი იყო 2021 წლის აგვისტოდან. მანამდე ხელმძღვანელობდა ირანის სასამართლო ხელისუფლებას და გენერალურ პროკურატურას. ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქცირებული იყო -ის და ევროკავშირის მიერ.
· 60 წლის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2021 წლის აგვისტოდან. მანამდე მუშაობდა მინისტრის მოადგილედ და ირანის პარლამენტის სპიკერის სპეციალურ თანაშემწედ.
ირანის პრეზიდენტის სიკვდილის გამო ისლამური რესპუბლიკის მთავრობამ საგანგებო სხდომა მოიწვია. პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრეზიდენტი ასრულებს. ახალი საპრეზიდენტო 50 დღეში უნდა ჩატარდეს.